ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი

თანამშრომლები: სამინისტროს წარმომადგენლებთან შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა

ტაბულა

ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის თანამშრომლები განათლების სამინისტროს წარმომადგენლებს შეხვდნენ. მათი შეფასებით, 3-საათიანი შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა და უწყების წარმომადგენლები კომპრომისზე არ წამოვიდნენ. ცენტრის თანამშრომლები ითხოვენ, რომ ხელმძღვანელის არჩევის შესაძლებლობა ჰქონდეთ, ამ თანამდებობაზე ბუბა კუდავა დაბრუნდეს, ასევე მათი მაკონტროლებელი განათლების სამინისტროს ნაცვლად მთავრობა გახდეს.

ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის თანამშრომლებმა პრეზიდენტს, პრემიერს და პარლამენტის თავმჯდომარეს მიმართეს. განცხადებაში ისინი ითხოვდნენ, რომ დირექტორის არჩევის 2011 წელს ჩამორთმეული უფლება დაუბრუნდეთ, რადგან, მათი აზრით, ისეთი აქტუალური საკითხის განხილვისას, როგორიც ცენტრის მომავალი ადგილმდებარეობა და მისი პროექტია, მეცნიერ-თანამშრომლების აზრი გადამწყვეტი უნდა იყოს.

ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის თანამშრომლები გუშინ გაიფიცნენ. ისინი დირექტორის შეცვლას აპროტესტებენ. ხელნაწერთა ცენტრის დირექტორად ისტორიკოსი ზაზა აბაშიძე კომისიამ აირჩია, რომელშიც განათლების მინისტრი და მისი მოადგილეებიც შედიოდნენ. სამინისტროსა და ცენტრს შორის დაპირისპირება რამდენიმე თვეა გრძელდება. ცენტრის თანამშრომელთა უკმაყოფილების მიზეზი ბუბა კუდავას გათავისუფლებასთან ერთად, დაბალი ხელფასები და სამინისტროს მხრიდან უგულისყურო დამოკიდებულებაა. გარდა ამისა, ისინი აღნიშნავენ, რომ სამინისტრო ხელნაწერთა ცენტრის ახალი შენობის ადგილად სამების ტაძრის ეზოს განიხილავს, რაც მათთვის მიუღებელია.

კომენტარები