საბანკო ზედამხედველობის დეპარტამენტი

ეროვნულ ბანკს შესაძლოა, საბანკო ზედამხედველობის ფუნქცია ჩამოერთვას

.nbg.gov.ge

ეროვნული ბანკს საბანკო ზედამხედველობის დეპარტამენტი, შესაძლოა, დამოუკიდებელ იურიდიულ პირად გამოეყოს. ინიციატივა პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარეს თამაზ მეჭიაურს ეკუთვნის. საკანონმდებლო ინიციატივა უკვე მზადაა. მეჭიაურის თქმით, ახალი სამსახურის 6 წევრს პარლამენტი შეარჩევს, მეშვიდე კი ეროვნული ბანკის პრეზიდენტი იქნება. დეპუტატი ამბობს, რომ ცვლილების მიზანი ეროვნული ბანკის დეპოლიტიზებაა და ახლა ბანკს ყოფილი ხელისუფლების პროკურორები მართავენ.

"სააგენტო გამოიყენებს თავის მანდატს სახელმწიფოებრივად და გააკონტროლებს ზუსტად იმას, რომ არ ჰქონდეს სპეკულაციურ ქმედებებს, გარიგებებს სხვადასხვა სტრუქტურული ერთეულებისა ადგილი. დღეს, ფაქტობრივად, ეროვნულ ბანკს მართავენ ძველი ხელისუფლების მიერ დანიშნული პირები, კერძოდ, ადეიშვილის სამი პროკურორი ზის მხოლოდ. ამის ანალოგი მსოფლიოში არ არსებობს. თვით პინოჩეტსაც არ გაუკეთებია ჩილეში პირველ ეტაპზე", - თქვა მეჭიაურმა.

ინიციატივას ფინანსთა მინისტრიც გამოეხმაურა. თამაზ მეჭიაურისგან განსხვავებით, ნოდარ ხადური აცხადებს, რომ ახალ სამსახურზე კონტროლს ისევ საქართველოს ეროვნული ბანკი განახორციელებს.

"პარლამენტი არის საკანონმდებლო ორგანო და არსებობს გამოცდილება, მათ შორის საქართველოს უახლოეს წარსულშიც, როდესაც საბანკო ზედამხედველობა არ იყო საქართველოს ეროვნულ ბანკს შიგნით. თუმცა, რამდენადაც მე ვიცი, საუბარია იმაზე, რომ ის ჩამოყალიბდეს დამოუკიდებელ საჯარო სამართლის იურიდიულ პირად, მაგრამ მის კონტროლს განახორციელებს ისევ საქართველოს ეროვნული ბანკი", - თქვა ხადურმა.

საკანონმდებლო ინიციატივა პრეზიდენტის ინსტიტუტის წინააღმდეგ გადადგმულ კიდევ ერთ ნაბიჯად შეაფასეს ადმინისტრაციაში. პრეზიდენტის მრჩეველი ეკონომიკურ საკითხებში განმარტავს, რომ ეროვნული ბანკის წევრებს პრეზიდენტი ნიშნავს და ბანკისთვის საზედამხედველო ფუნქციის ჩამორთმევა დაუშვებელია. გიორგი აბაშიშვილის თქმით, საბანკო სფერო ერთ-ერთი ყველაზე წარმატებულია საქართველოში და ის რეფორმას არ საჭიროებს.

"ჩვენ დღეს გარკვეული ცვლილებებით საბანკო სექტორთან მიმართებაში შესაძლოა, რყევის სერიოზული ნიშნები შევქმნათ. საქართველოს პრეზიდენტი წარუდგენს საქართველოს პარლამენტს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატებს. შემდგომ ეროვნული ბანკის საბჭოს წარდგინებით, საქართველოს პრეზიდენტი ამტკიცებს ეროვნული ბანკის პრეზიდენტს და ეს გადაწყვეტილება, ეს ინიცირებული ცვლილებები ამავდროულად არის საქართველოს პრეზიდენტის ინსტიტუტის, კონსტიტუციური ფუნქციების კიდევ ერთი შესუსტების მცდელობა", - თქვა აბაშიშვილმა.

თამაზ მეჭიაურის ინიციატივას პრეზიდენტის წინააღმდეგ მიმართულ ნაბიჯად აფასებენ ეკონომისტებიც. რომან გოცირიძის თქმით, გასაგები ხდება კომერციულ ბანკებზე მმართველი გუნდის წევრების შეტევის მიზეზიც.

"თუ ჩვენ გავიხსენებთ, რომ ფინანსური მონიტორინგის სამსახური ასევე გამოეყო ეროვნულ ბანკს, რომელსაც აქვს წვდომა ნებისმიერ ტრანზაქციებზე და პრემიერმინისტრს დაექვემდებარა; თუ გავითვალისწინებთ მთავრობის მიერ დარტყმებს კომერციული ბანკებისადმი, რეალურად აქ იკვეთება მეტად საგანგაშო სიტუაცია ხელისუფლების მხრიდან ბანკებზე კონტროლისა, ბანკებზე ზემოქმედებისა, ხოლო ბანკებიდან უკვე ნებისმიერი კლიენტის ანუ ნებისმიერი ბიზნესის გაკონტროლებისა", - თქვა გოცირიძემ.

ეროვნული ბანკისთვის ფუნქციების შეზღუდვის ტენდენციაზე საუბრობენ საპარლამენტო უმცირესობაში. ნაციონალური მოძრაობის შეფასებით, მმართველი გუნდი ეროვნულ ბანკს მიზანმიმართულად ებრძვის, ნაცვლად იმისა, რომ ქვეყანაში ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე იზრუნოს.

"ეს არის ერთ-ერთი ყველაზე კარგად განვითარებული საბანკო სისტემა და ძალიან სამწუხაროა, რომ ქართული ოცნების ხელისუფლება მიზანმიმართულად ებრძვის სახელმწიფო ინსტიტუტებს, ახლა უკვე გადავიდა საბანკო სექტორის წინააღმდეგ ბრძოლაზე. ისინი ფიქრობენ, რომ ამით გააკონტროლებენ ბანკებს, რეალურად კი შეუქმნიან პრობლემას ქართულ ეკონომიკას", - თქვა მიხეილ მაჭავარიანმა.

საბანკო-საფინანსო ზედამხედველობის სააგენტო დამოუკიდებელი ორგანო იყო და ეროვნულ ბანკს ოფიციალურად 2009 წლის 1 დეკემბერს შეუერთდა. საკანონმდებლო ინიციატივის განხილვა, რომლის მიხედვითაც ეროვნულ ბანკს ბანკების ზედამხედველობის ფუნქცია ჩამოერთმევა, პარლამენტში მომავალ კვირას დაიწყება.

კომენტარები