ეროვნული ბანკი

მეჭიაურისა და ტყემალაძის კომიტეტბმა სებ-ის ანგარიში უარყოფითად შეაფასეს

ზურაბ ტყემალაძე
ghn.ge

პარლამენტის საბიუჯეტო-საფინანსო და დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტებმა გაერთიანებულ საკომიტეტო მოსმენაზე ეროვნული ბანკის 2014 წლის ანგარიში, ხუთსაათიანი მოსმენის შემდეგ, არადამაკმაყოფილებლად შეაფასეს. ტყემალაძემ ეროვნული ბანკისთვის უარყოფითი შეფასების მიცემის ერთ-ერთ მიზეზად ეროვნული ბანკის მიერ რეფინანსირების სესხის მოცულობის ზრდა და სავალუტო ფონდის ვალის გასტუმრება დაასახელა. 

საკომიტეტო მოსმენაზე ეროვნულმა ბანკმა 2014 წლის საქმიანობის 240-გვერდიანი ანგარიში წარადგინა. ბანკის პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ ეროვნული ვალუტის გაუფასურების მიზეზებსა და ეროვნული ბანკის მიერ გატარებულ პოლიტიკაზეც ისაუბრა, რომელიც არაერთმა საერთაშორისო ორგანიზაციამ, მათ შორის, საერთაშორისო სავალუტო ფონდმა (IMF-მა) და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (EBRD-მა) დადებითად და სხვა ქვეყნებისთვის მისაბაძად შეაფასა. გიორგი ქადაგიძემ კითხვით ზურაბ ტყემალაძეს მიმართა, რომ მას დაესახელებინა იმ ქვეყნის ცენტრალური ბანკი, რომელსაც კომიტეტი საქართველოსთვის მისაბაძად მიიჩნევს, თუმცა ზურაბ ტყემალაძემ ქადაგიძის კითხვას პასუხი არ გასცა. ეროვნულმა ბანკმა გასულ კვირას საკუთარი ანგარიში ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტს წარუდგინა, რომელმაც ბანკის 2014 წლის საქმიანობა ასევე არადამაკმაყოფილებლად შეაფასა.

საპარლამენტო უმრავლესობა ლარის გაუფასურებაში პასუხისმგებლობას ეროვნულ ბანკს აკისრებს, დეპუტატების თქმით, ეროვნულმა ბანკმა მის ხელთ არსებული ბერკეტები არასრულად გამოიყენა, თუმცა დღევანდელ მოსმენაზე ბანკის პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ სავალუტო რეზერვების ჭარბი რაოდენობით ხარჯვასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ ეს არა გამოსავალი - არამედ ცენტრალური ბანკების მიერ ხშირად დაშვებული შეცდომაა, რასაც ქვეყნის სავალუტო რეზერვების განიავება მოჰყვება. ქადაგიძის თქმით, ეს შეცდომა რეგიონის ქვეყნებმაც, მათ შორის აზერბაიჯანმაც დაუშვა, რის გამოც მათ გაუფასურებულ ეროვნულ ვალუტასთან ერთად შემცირებული სავალუტო რეზერვები მიიღეს. ქადაგიძის თქმით, ხელოვნური ჩარევა ასეთი სახის პრობლემას ვერ მოაგვარებს, თუკი არ მოხდება მთავარი სავალუტო შემოდინებების - როგორიცაა: ექსპორტი, ფულადი გზავნილები და ტურიზმი - აღდგენა. 

კომენტარები