ერთიანი ნაციონალური მოძრაობა

ჩერგოლეიშვილი: ენმ-ის დატოვების მიზეზი ოთხი დეპუტატის პოლიტიკური უმწიფრობაა

თამარ ჩერგოლეიშვილი
Khatuna Khutsishvili / Forbes

ტელეკომპანია ტაბულას დირექტორის თამარ ჩერგოლეიშვილის შეფასებით, მიზეზი, რის გამოც ოთხმა დეპუტატმა ერთიანი ნაციონალური მოძრაობა დატოვა, პოლიტიკური უმწიფრობაა. ამის შესახებ ჩერგოლეიშვილმა რუსთავი 2-ის ეთერში, გადაცემა არჩევანში თქვა. მისი განცხადებით, ენმ-ის ყოფილ წევრებს ბიძინა ივანიშვილისთვის კომფორტი არ უნდა შეექმნათ.

"შეიძლება, საბაბად სხვა რამე დაასახელონ, მაგრამ ჩემი გადმოსახედიდან, პარტიის დატოვების მიზეზი არის მათი პოლიტიკური უმწიფრობა. თავისთავად ის ფაქტი, რომ ადამიანმა პოლიტიკური პარტია დატოვოს დემოკრატიულ ქვეყანაში და რაღაც ახალი ინიციატივით გამოვიდეს, ნამდვილად არ მიმაჩნია ღალატად და შეიძლება, ნორმალური მოვლენაც იყოს, მაგრამ ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ, რა მდგომარეობაში ვართ ახლა. ჩვენ ვართ შარში. ჩვენს ქვეყანას მართავს, რბილად რომ ვთქვათ, ექსცენტრიული ოლიგარქი. პროცესი გასულია კონსტიტუციის ჩარჩოებიდან, იმიტომ, რომ მას არანაირი ოფიციალური პოსტი არ უჭირავს. ქვეყანა მიექანება ტოტალური სიღარიბისკენ, მოსახლეობის დიდი ნაწილი არის გაღარიბებული, საფრთხე ემუქრება დასავლურ ორიენტაციას, შესაბამისად, ნებისმიერი პასუხისმგებლობის მქონე პოლიტიკოსი როდესაც ნაბიჯს დგამს, დაფიქრება მართებს. "ასჯერ გაზომე, ერთხელ გაჭერი" - ასეთი ანდაზა არსებობს და კარგია, თუ ამას ყურადღებას მივაქცევთ ხოლმე. ძალიან მნიშვნელოვანია, იფიქროს იმაზე, რომ კომფორტი არ შეუქმნას იმ ადამიანს, ვინც რეალურად არის ჩემი და, სხვათა შორის, ზურაბ ჯაფარიძის აზრითაც, საქართველოს ინტერესების მტერი. კომფორტში ვგულისხმობს სწორედ ამას - დღეს, ნაცვლად იმისა, რომ ვსაუბრობდეთ იმაზე, რატომ ჩავფლავდით რიგაში, რატომ ღარიბდება ხალხი ან როგორ მოვიშოროთ ბიძინა ივანიშვილი, ვსაუბრობთ იმაზე, რატომ დატოვა ოთხმა დეპუტატმა ნაციონალური მოძრაობა. ეს სერიოზული არ არის", - განაცხადა ჩერგოლეიშვილმა და განმარტა, რას გულისხმობს პოლიტიკურ უმწიფრობაში.

"უთანხმოება პარტიის შიგნით არაჯანსაღი სულაც არ არის. უთანხმოება სადაც არ არის და სადაც ყველა ერთ, ივანიშვილის აზრზეა, ვხედავთ ქართულ ოცნებაში. აზრთა ჭიდილი, უთანხმოება ჯანსაღი პროცესია და ჭიდილისთვის, შენი შეხედულებების გასატანად მზად უნდა იყო. შესაძლებელია, იქამდე მივიდეს საქმე და ისეთი მასშტაბური გახდეს უთანხმოება, რომ პარტიის დატოვებაც მოგიწიოს, ამასაც არ გამოვრიცხავ, მაგრამ მანამ, სანამ გადაწყვეტილებას მიიღებ, შიდაპარტიული ბრძოლის ყველა რესურსი უნდა ამოწურო. არსებობს პოლიტსაბჭო ნაციონალურ მოძრაობაში, არსებობენ პოლიტსაბჭოს წევრები, როდესაც რაღაც შეხედულების გატანა გინდა და შენი სიმართლის დამტკიცება, იწყებ ლობირებას პოლიტსაბჭოს წევრებს შორის, მერე ამ საკითხს აყენებ პოლტსაბჭოზე და ეუბნები - მეგობრებო, აი, მე ასე მიმაჩნია, ეს შეიძლება გახდეს წყალგამყოფი ჩვენ შორის. წესიერი გზა ეს არის, წესიერი ადამიანები ასე იქცევიან - პარტიის წევრებს, მათ თანამებრძოლებს უზიარებენ თავიანთ დამოკიდებულებას კონკრეტული საკითხების მიმართ, იბრძვიან თავისი შეხედულებების გასატანად და თუ ეს ასე არ ხდება, მხოლოდ მერე იღებენ გადაწყვეტილებას პარტიის დატოვების შესახებ, ისიც იმის გათვალისწინებით, თუ რა შარში ვართ", - თქვა ჩერგოლეიშვილმა.

ზურაბ ჯაფარიძემ, გოგა ხაჩიძემ, პავლე კუბლაშვილმა და გიორგი მელაძემ პარტია ერთიანი ნაციონალური მოძრაობა გუშინ დატოვეს. ისინი მიზეზებზე ხვალ ისაუბრებენ.

კომენტარები