სტიქია თბილისში

ბაქრაძე: პოლიტიკური უთანხმოების დრო არ არის, შევქმნათ მოხალისეთა ჯგუფები

primetimenews.ge
საპარლამენტო უმცირესობის ლიდერი დავით ბაქრაძე ხელისუფლებას მოუწოდებს, შეიქმნას მოხალისეთა ჯგუფები. მან დაღუპულების ოჯახებს მიუსამძიმრა და აღნიშნა, რომ "ახლა არ არის პოლიტიკური განცხადებების და ბრალდებების დრო - ქალაქს და ხალხს სჭირდება პატრონი და მიმხედავი". მან ბათუმში დაგეგმილი შეხვედრები და კიევში დაგეგმილი მივლინება გააუქმა და თბილისში დაბრუნდა.
 
"სტიქიის და წვიმის მეტი რა გვინახავს, მაგრამ ასეთი უბედურება ჯერ არ დატრიალებულა... ახლა არ არის პოლიტიკური განცხადებების და ბრალდებების დრო - ქალაქს და ხალხს სჭირდება პატრონი და მიმხედავი. სწორედ ამიტომ, ვაუქმებ დღეს ხალხთან დაგეგმილ შეხვედრებს ბათუმში, ასევე ვაუქმებ კიევში დაგეგმილ მივლინებას და სასწრაფოდ ვბრუნდები თბილისში. ხელისუფლებას ვთავაზობ, შევქმნათ მოხალისეთა ჯგუფები, რომლებიც მერიასთან ერთად იმუშავებენ სტიქიის შედეგების ლიკვიდაციისთვის - ამ კრიტიკულ ვითარებაში მზად ვარ, გვერდით გადავდო ყველანაირი პოლიტიკური უთანხმოება და ჩემს თანამოაზრეებთან ერთად, შესაძლებლობის ფარგლებში ყველაფერი გავაკეთო თბილისელების დასახმარებლად" - აცხადებს ბაქრაძე.
 
წუხელ, 5-საათიანი ძლიერი წვიმის შედეგად, წყნეთი-ბეთანიის გზაზე მეწყერი ჩამოწვა და მდინარე ვერე ადიდდა. სტიქიის გამო დაიტბორა სახლები, გზები, ცხრა ადამიანი დაიღუპა, 20-ამდე დაშავდა, რამდენიმე ადამიანი დაკარგულად ითვლება. გარდა ამისა, დაიტბორა თბილისის ზოოპარკი და მტაცებელი ცხოველები ქალაქში გაიქცნენ. ცხოველების ნაწილი მოკლეს, ნაწილი კი, დააძინეს და ზოოპარკში დააბრუნეს. მტაცებლების ძებნა ამ დრომდე გრძელდება.
 

კომენტარები