საქართველოს მთავრობა

ხადური: ბიუჯეტი დაახლოებით 140 მლნ ლარით შემცირდება

ტაბულა

ბიუჯეტი დაახლოებით 140 მლნ ლარით შემცირდება. ამის შესახებ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ფინანსთა მინისტრმა განაცხადა. ნოდარ ხადურის თქმით, შემცირება არ შეხებია კაპიტალურ და სოციალურ ხარჯებს და შემცირდა მხოლოდ მიმდინარე ხარჯები. 

"ჩვენ ამ პერიოდის განმავლობაში ვიმუშავეთ კოლეგებთან. ამავე დროს, გავითვალისწინეთ ის ამბები, რაც მოხდა თბილისში 13-14 ივნისს და დღეს წარმოვადგინეთ უკვე საბოლოო ვარიანტი, რომელიც პრაქტიკულად შეთანხმებულია სამინისტროებთან და უწყებებთან. ბიუჯეტი საბოლოო ჯამში დაახლოებით 140 მილიონი ლარით მცირდება. მცირდება მიმდინარე ხარჯები, თუმცა შეიძლება ითქვას, რომ მათი ძალიან დიდი ნაწილი მიმართული იქნება კაპიტალური პროექტების განხორციელებისათვის. ამავე დროს, დღეს წარმოდგენილი გვექნება რამდენიმე განკარგულების პროექტი, რომელიც დამატებითი თანხების გამოყოფას ითვალისწინებს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთვის - თბილისსა და მის მიმდებარე სოფლებში მიყენებული ზიანის აღმოფხვრისთვის. მინდა, მადლობა გადავუხადო კოლეგებს, რომლებმაც ძალიან გაგებით მიიღეს ის პრობლემები, რომლებიც გვაქვს. განსაკუთრებით დიდი დანაკლისი ამ თვალსაზრისით განიცადეს თავდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროებმა", - განაცხადა ნოდარ ხადურმა.

ირაკლი ღარიბაშვილი დაინტერესდა, შეეხება თუ არა შემცირება კაპიტალურ ხარჯებს, რაზეც ნიდარ ხადურმა უპასუხა, რომ ამაზე არ არის საუბარი. ფინანსთა მინისტრის თქმით, არ შემცირებულა არც სოციალური ხარჯები.

"არანაირი კაპიტალური ხარჯები არ შემცირებულა, პირიქით, ჩვენ გვაქვს იმის რესურსი, რომ წლის განმავლობაში გავზარდოთ კაპიტალური ხარჯები. ჩვენ ვმუშაობთ დონორებთან და მათი თანხების ძალიან დიდი ნაწილი მიმართული იქნება სწორედ კაპიტალური ხარჯებისთვის, დამატებით იმ თანხებზე, რომლებიც ახლა გვაქვს გათვალისწინებული ბიუჯეტის პროექტში და რომელსაც დღეს განვიხილავთ", - განაცხადა ხადურმა.

პრემიერმინისტრის განცხადებით, "ეს ძალიან ნორმალურია". ირაკლი ღარიბაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ მთელ რეგიონში რთული ვითარებაა და უკვე ბევრმა სახელმწიფომ გააკეთა ბიუჯეტის კორექტირება.

"მე მგონი ეს ძალიან ნორმალურია, შეიძლება ითქვას, მანამდეც უნდა გაგვეკეთებინა, მაგრამ სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს. ასევე მინდა გითხრათ, რომ რეგიონში თითქმის ყველა სახელმწიფომ უკვე გააკეთა ბიუჯეტის კორექტირება. ეს, რა თქმა უნდა, არის გამომდინარე იქედან, რომ მთელს რეგიონში არის ძალიან სერიოზული კრიზისი - უკრაინაში, რუსეთში, ყველგან რთული ვითარებაა. აქედან გამომდინარე, ჩვენ უნდა მოვერგოთ ახალ რეალობას და ამის მიხედვით განვვითარდეთ", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მინისტრებს ბიუჯეტის კორექტირებული ვარიანტი 10 ივნისამდე უნდა წარედგინათ.

 

კომენტარები