UEFA-ს სუპერთასი

BILETEBI.GE: სუპერთასის ბილეთების გაყიდვა დღეს, 21:30-ზე შეწყდება

BILETEBI.GE-ს განცხადებით, UEFA-ს სუპერთასის ბილეთების გაყიდვა დღეს, 21:30-ზე შეწყდება.

"ყურადღება: ონლაინ გაყიდვები მორჩება დღეს: 21:30 წუთზე" - წერია ვებგვერდზე.

ამ ეტაპზე უეფას სუპერთასის დაახლოებით 1500 ბილეთია გაყიდული. საიტის ადმინისტრაცია აღნიშნავს, რომ გაყიდვა კვლავ ხარვეზებით მიმდინარეობს.

"პრობლემა ფიქსირდება რიგის მენეჯმენტ კომპანიას და ჩვენ შორის. ჯერჯერობით გაყიდულია 1500 ბილეთი, 143 000 მომხმარებელია რიგში. სისტემა მომხმარებლების ნაკადს უმკლავდება, თუმცა რიგის სისტემასთან კავშირში კვლავ შეფერხებებია... დარჩენილია ყველა კატეგორიის ბილეთი", - აცხადებს biletebi.ge.

UEFA-ს სუპერთასის ბილეთების გაყიდვა biletebi.ge-ზე დილის 09:00-ზე დაიწყო. თუმცა, ვებგვერდის ადმინისტრაციამ რიგი რამდენჯერმე შეაჩერა. რის გამოც, მომხმარებლები დაწინაურებას ვერ ახერხებდნენ. ამის გარდა, გულშემატკივრების ნაწილის ინფორმაციით, მათი რიგის მოსვლის შემდეგ, ვებგვერდმა "გამოაგდო" და რიგის ბოლოს აღმოჩნდნენ. საიტმა სულ 24 000 ბილეთი უნდა გაყიდოს. 

ფეხბურთის ფედერაციის გენერალური მდივანი რევაზ არველაძე სამართალდამცავ უწყებებს მიმართავს. მისი თქმით, ფეხბურთის ფედერაცია არ გამორიცხავს, გარეშე პირები ცდილობდნენ, ხელოვნურად შექმნან პრობლემები. 

UEFA-ს სუპერთასის ფინალური შეხვედრა, რომელზეც ბარსელონა და სევილია ერთმანეთს დაუპირისპირდებიან, თბილისში 11 აგვისტოს დინამო არენაზე გაიმართება. მატჩი 22:45 საათზე დაიწყება.

კომენტარები