UEFA-ს სუპერთასი

biletebi.ge-მ 4 300 ბილეთის ონლაინგაყიდვა დაიწყო

BILETEBI.GE-მ UEFA-ს სუპერთასის თამაშზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა განაახლა. 4 300 ბილეთს ვებგვერდი როგორც ქართველ, ისე უცხოელ გულშემატკივარზე გასცემს. 

"UEFA-ს გადაწყვეტილებით, საერთაშორისო მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად ვიწყებთ გაყიდვებს, სადაც მხოლოდ 4300 ბილეთი გავა ონლაინ საზღვარგარეთიდან შემოსული მომხმარებლებისთვის, თუმცა წვდომა ღია იქნება საქართველოდანაც. ამის შესახებ ნათქვამი იყო 2 დღით ადრე. თუმცა დილის 11 საათის მაგივრად, ცოტა მოგვიანებით მოხდა გაყიდვების დაწყება" - აცხადებს biletebi.ge და აღნიშნავს, რომ დარჩენილი 22 000 ბილეთი დაიბეჭდება და გადაეცემა GFF-ს სალაროში გასაყიდად.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისთვის ჯერჯერობით უცნობია, როდის დაიწყება ბილეთების სალაროებში გაყიდვა.

„2063 გულშემატკივარს შეუნარჩუნდება biletebi.ge-ზე ნაყიდი ბილეთები, ახალი ბილეთები კი სალაროებში გაიყიდება. მოლაპარაკება გვექნება UEFA-სთან, რა სისტემით გაიყიდება ბილეთები. რამდენიმე დღე დაგვჭირდება მათ დასაბეჭდად" - ამბობს ფედერაციის პრეზიდენტი ზვიად სიჭინავა.

UEFA-ს სუპერთასის ბილეთების გაყიდვა biletebi.ge-ზე გუშინ დილის 09:00-ზე დაიწყო. თუმცა, ვებგვერდის ადმინისტრაციამ რიგი რამდენჯერმე შეაჩერა. რის გამოც, მომხმარებლები დაწინაურებას ვერ ახერხებდნენ. ამის გარდა, გულშემატკივრების ნაწილის ინფორმაციით, მათი რიგის მოსვლის შემდეგ, ვებგვერდმა "გამოაგდო" და რიგის ბოლოს აღმოჩნდნენ. BILETEBI.GE-მ UEFA-ს სუპერთასის ბილეთების გაყიდვა დღეს, 21:30-ზე შეწყვიტა. ჯამში, ქართველი გულშემატკივრისთვის 24 000 ბილეთი უნდა გაიყიდოს.

ამასთან, ფეხბურთის ფედერაციის გენერალური მდივანი რევაზ არველაძე სამართალდამცავ უწყებებს მიმართავს. მისი თქმით, ფეხბურთის ფედერაცია არ გამორიცხავს, გარეშე პირები ცდილობდნენ, ხელოვნურად შექმნან პრობლემები. 

UEFA-ს სუპერთასის ფინალური შეხვედრა, რომელზეც ბარსელონა და სევილია ერთმანეთს დაუპირისპირდებიან, თბილისში 11 აგვისტოს დინამო არენაზე გაიმართება. მატჩი 22:45 საათზე დაიწყება.

კომენტარები