ტურიზმი

2015 წელს საქართველოში ტურიზმი 3.4%-ით გაიზარდა

გიგანტური ველოსიპედი თბილისის ცენტრში
REUTERS

საქართველოში იანვარ-ივნისის პერიოდში სულ 2.33 მილიონი უცხოელი ვიზიტორი შემოვიდა, რაც გასული წლის მონაცემებს მხოლოდ 3.4%-ით აღემატება. წინა წელთან შედარებით ტურიზმის ზრდის ტემპი მხოლოდ 0.87%-ით არის გაზრდილი.

ქვეყნების მიხედვით საქართველოში შემოსული ვიზიტორების რაოდენობა კი ასე გამოიყურება:

1) თურქეთი 604 ათასი ვიზიტორი

2) აზერბაიჯანი 580 ათასი ვიზიტორი

3) სომხეთი 542 ათასი ვიზიტორი

4) რუსეთი 341 ათასი ვიზიტორი

5) უკრაინა 54 ათასი ვიზიტორი

ტურიზმი გასული წლების განმავლობაში საკმაოდ მაღალი ზრდით გამოირჩეოდა: 2011 წელს იანვარ-ივნისის პერიოდში ვიზიტორთა რაოდენობის ზრდა 31% იყო, 2012 წელს ზრდამ 35%-ს მიაღწია, 2013 წელს ვიზიტორთა ნაკადი 23%-ით გაიზარდა. 2014 წელს ზრდა შვიდჯერ შემცირდა და 3% შეადგინა, 2015 წელს კი მაჩვენებელი პრაქიკულად უცვლელი დარჩა და 3.5% შეადგინა. ტურიზმი საქართველოს ეკონომიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია, მასზე საქართველოს მშპ-ის დაახლოებით 7% მოდის. ამასთანავე ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები უცხოურ ვალუტაშია ნომინირებული, რის გამოც ტურიზმი საქართველოში უცხოური ვალუტის შემოდინების ერთ-ერთ მნიშვნელოვან წყაროს წარმოადგენს.

ტურიზმში არსებული დაბალი ზრდის ერთ-ერთი მიზეზი საქართველოს მხრიდან ახალი სავიზო რეგულაციების დაწესებაა, რის გამოც მრავალი ქვეყნის მოქალაქეებს საქართველოში შემოსვლა მნიშვნელოვნად გაურთულდათ. მათ შორის არის ირანი, საიდანაც გასული წლის იანვარ-ივნისში 35 ათასი ვიზიტორი შემოვიდა, წელს კი ირანელი ვიზიტორების რაოდენობა 71%-ით შემცირდა და 7 ათასს შეადგენს. 

ტურიზმის შემცირება ეკონომიკის მრავალი სექტორის შემცირებაზე აისახება. ყველაზე აშკარად ეს შემცირება სასტუმროებისა და რესტორნების სექტორსა და ტრანსპორტის სექტორზე აისახება. 

კომენტარები