უბედური შემთხვევა

არქიტექტურის სამსახურის უფროსი: უსაფრთხოების დაცვა მშენებელს ევალებოდა

თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურის უფროსის ნინო ღოღობერიძის განცხადებით, აფაქიძის #13-ში გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტის შენობის ჩამონგრევასთან დაკავშირებით, არქიტექტურის სამსახური ამ ეტაპზე დარღვევებს არ სწავლობს, რადგან ეს მისი კომპეტენცია არ არის. თუმცა, ღოღობერიძის თქმით, პროექტს ედო დასკვნა, რომლის მიხედვითაც, მშენებლობის ორგანიზების პროექტი სრულად და კვალიფიციურად იყო შედგენილი.

"ამ დასკვნასაც და მის კონსტრუქციულ ნაწილსაც, რომელიც ადგილზე უნდა ჰქონოდათ მშენებლებს კანონმდებლობის მიხედვით, სჭირდება სრული შესწავლა, რომელიც უკვე პროცესშია", - თქვა ღოღობერიძემ და აღნიშნა, რომ კანონის მიხედვით, უსაფრთხოების დაცვა სამშენებლო კომპანიას ევალებოდა.

"tas.ge-ზე აუცილებლად გამოვაქვეყნებთ სრულ დოკუმენტაციას, რაც იქნა გაცემული. ასევე მშენებლობის ორგანიზების პროექტს, რომელზეც არის დასკვნა, რომ სრულად და კვალიფიციურად არის შედგენილი", - განაცხადა არქიტექტურის სამსახურის უფროსმა და აღნიშნა, რომ კომპანია ტიფლის ბიზნესცენტრმა მშენებლობის ნებართვა 2014 წლის აგვისტოში მიიღო.

"ამ ობიექტზე სწორად შესასრულებელი სამუშაო უსაფრთხოების თვალსაზრისითაც ევალებოდა მშენებელს ყველა კანონის ფარგლებში", - თქვა ღოღობერიძემ და დაამატა, რომ ამის კონტროლი საზედამხედველო სამსახურს ევალება.

თბილისში, სპორტის სასახლის უკან, აფაქიძის #13-ში გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტის შენობის რამდენიმე სართული დღეს ჩამოინგრა. დაღუპულია სამი მუშა. მძიმე მდგომარეობაში იმყოფება კიდევ ერთი ადამიანი. შენობაში სამუშაოებს შპს ტიფლის ბიზნესცენტრი ატარებდა. მას ბიზნესცენტრები უნდა აეშენებინა და მიმდინარეობდა შენობის დემონტაჟი.  

"მუშები იმყოფებოდნენ მეოთხე სართულზე. მეოთხე სართულზე მოხდა ნგრევა, მუშები ჩამოდიოდნენ, მესამე და მეორე სართულები ჩამოინგრა და პირველ-მეორე სართულის ტერიტორიაზე აღმოვაჩინეთ ცხედრები. დაღუპულია სამი მუშა. ერთ-ერთი მუშის გადარჩენა მოესწრო და გადავიყვანეთ საავადმყოფოში. ადგილზე მუშაობს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ხუთი ბრიგადა, ასევე ორი სახანძრო. ამ მომენტისთვის, საძიებო და გადარჩენითი სამუშაოები დასრულებულია. სხვა დაშავებულები არ არიან. მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები, რომ შემდგომი ნგრევა არ მოხდეს", - განაცხადა საგანგებო სიტუაციების მართვის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილემ დავით გელაშვილმა და აღნიშნა, რომ ამის საფრთხე არსებობს.

შსს-ს ცნობით, საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.

 

კომენტარები