Wikileaks

WIKILEAKS: აშშ გერმანელ მაღალჩინოსნებს წლების განმავლობაში უსმენდა

Jeffrey Coolidge / Getty

აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების სააგენტო კანცლერ ანგელა მერკელს და სხვა გერმანელ მაღალჩინოსნებს წლების განმავლობაში უსმენდა, - ამის შესახებ ინფორმაციას WIKILEAKS-ი ავრცელებს.

WIKILEAKS-მა დოკუმენტების ახალი სერია გამოაქვეყნა, სადაც წერია, რომ აშშ-ის სპეცსამსახურები მერკელს, გერჰარდ შროდერს, ჰელმუტ კოლსა და კიდევ 130-მდე სხვა მაღალჩინოსნის სატელეფონო საუბრებს უსმენდნენ.

აღნიშნულთან დაკავშირებით გერმანიის მთავრობას ოფიციალური კომენტარი არ გაუკეთებია.

2015 წლის ივნისში WIKILEAKS-ის გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ამერიკის ეროვნული უშიშროების სააგენტო საფრანგეთის სამი პრეზიდენტის - ჟაკ შირაკის, ნიკოლა სარკოზისა და ფრანსუა ოლანდის სატელეფონო საუბრებს უსმენდა. ოლანდმა განაცხადა, რომ საფრანგეთი ვერ მოითმენს ქმედებებს, რაც მის უსაფრთხოებას ემუქრება.

შეგახსენებთ, რომ 2010 წელს, ერაყში ყოფნისას, რიგითმა ბრედლი მენინგმა WIKILEAKS-ს მიაწოდა ასიათასობით სამხედრო და დიპლომატიური დოკუმენტი. მათ შორის, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის საქმიანობასთან დაკავშირებული დიპლომატიური მიმოწერა, ერაყსა და ავღანეთში სამხედრო ოპერაციების შესახებ შეტყობინებები, ბრძოლის ველზე ჩაწერილი ვიდეომასალა. ამ ინფორმაციის უდიდესი ნაწილი WIKILEAKS-მა და მისმა დამფუძნებელმა ჟულიან ასანჟმა ინტერნეტში გამოაქვეყნა.

ასანჟი 2012 წლიდან შვედეთში ჩადენილი სექსუალური დანაშაულის ბრალდებით იძებნება. თავად ჟურნალისტი თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს და აცხადებს, რომ მის წინააღმდეგ აღძრული საქმე პოლიტიკურად მოტივირებულია. ასანჟი დიდ ბრიტანეთში ეკვადორის საელჩოში იმყოფება. ის პოლიციისთვის მიუწვდომელია, რადგან უცხო ქვეყნის საელჩოს ტერიტორიაზე იმყოფება.

 

კომენტარები