Wikileaks

ისრაელმა რუსეთს ქართული უპილოტო აპარატების მართვის კოდები გადასცა

2008 წლის სამხედრო კონფლიქტის წინ ისრაელმა რუსეთს ქართული უპილოტო საფრენი აპარატების მართვის კოდები გადასცა. ამის შესახებ ნათქვამია ერთ-ერთ დოკუმენტში ამერიკული ანალიტიკური ცენტრის Stratfor-ის  მიმოწერიდან, რომელიც Wikileaks-მა საკუთარ ვებ-გვერდზე გამოაქვეყნა.

საუბარია 2009 წლის თებერვლით  დათარიღებულ მოხსენებაზე, რომელიც მექსიკაში ერთ-ერთი წყაროსგან მიღებულ ინფორმაციას შეიცავს.  ამ ინფორმაციის თანახმად, საქართველო 2008 წლის ივლისში უპილოტო საფრენი აპარატების მექსიკური კომპანიისგან შეძენას ცდილობდა.  წყარო მიუთითებს, რომ ამის მიზეზი საქართველოს ხელში არსებული ისრაელის წარმოების აპარატების „კომპრომეტირება“ გახდა.  კერძოდ, წყარომ განმარტა, რომ ისრაელმა რუსეთს საქართველოსთვის მიწოდებულ საფრენი აპარატების მართვის კოდები გადასცა, სანაცვლოდ კი რუსეთის მიერ ირანისთვის მიწოდებული TOP-M1 ტიპის  ჰაერსაწინააღმდეგო სისტემის კოდები მიიღო.

წყაროს ინფორმაციით, მექსიკურმა კომპანიამ საქართველოსთან თანამშრომლობისგან თავი შეიკავა, რუსეთთან ურთიერთობების გამწვავების შიშით.

27 თებერვლიდან Wikileaks აქვეყნებს კომპანია Stratfor-ის მიმოწერას, რომელიც მოიცავს დოკუმენტებს 2004-დან 2011 წლის ჩათვლით. Stratfor-ის საქმიანობა  გეოპოლიტიკური ანალიზი და ინფორმაციის მოპოვებაა, მას ხუთასზე მეტი კლიენტი ორგანიზაცია ჰყავს, მათ შორის აშშ-ს სამთავრობო სტრუქტურები.

 

http://wikileaks.org/gifiles/docs/64027_insight-russia-israel-georgia-mexico-defense-deals-and-swaps.html

კომენტარები