UEFA-ს სუპერთასი

GFF: თითქმის ყველა სახელმწიფო უწყება ბილეთების კორპორატიულად შესყიდვას ითხოვს

gff.ge

კერძო ორგანიზაციები და თითქმის ყველა სახელმწიფო უწყება საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას უეფას სუპერთასის მატჩის ბილეთების გაყიდვას კორპორაციული წესით სთხოვს, - ამის შესახებ ტაბულას ფეხბურთის ფედერაციის პრესსამსახურში უთხრეს.

ფეხბურთის ფედერაციის პრესსამსახურის წარმომადგენლის ეკა ელოშვილის განცხადებით, სახელმწიფო უწყებები და კერძო ორგანიზაციები კორპორაციული წესით ბილეთების ყიდვას ხშირად ითხოვენ, თუმცა ამ შემთხვევაში მათი მოთხოვნის დაკმაყოფილება არა ფედერაციაზე, არამედ UEFA-ზეა დამოკიდებული. ელოშვილის განმარტებით, წერილები UEFA-ში გადაიგზავნება და თავად UEFA გადაწყვეტს, რომელ ორგანიზაციას რამდენი ბილეთი მისცეს.

შეგახსენებთ, დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ქალაქ თბილისის საკრებულომ ფეხბურთის ფედერაციას სუპერთასის თამაშზე დასასწრები 300 ბილეთის გამოყოფა სთხოვა. გიორგი ალიბეგაშვილის 2015 წლის 26 ივნისით დათარიღებული წერილი ენმ-ის წევრმა ნიკა მელიამ გაავრცელა.

UEFA-ს სუპერთასის მატჩი ბარსელონასა და სევილიას შორის 11 აგვისტოს დინამო არენაზე გაიმართება, რომელიც 51 ათას ადამიანს იტევს. 30 ათასი ბილეთი სფფ-მ გულშემატკივრებზე გაყიდა. აღსანიშნავია, რომ სუპერთასის ბილეთები ჯერ BILETEBI.GE-ს უნდა გაეყიდა, თუმცა, ტექნიკური პრობლემების გამო, სუპერთასის ბილეთების გაყიდვა კვირას სალაროებში დაიწყო. ფეხბურთის გულშემატკივრებმა ბილეთების შესაძენად რიგი სამი დღით ადრე დაიკავეს.  

კომენტარები