მარიხუანის დეკრიმინალიზაცია

ლექსო მაჭავარიანს ჯანდაცვის კომიტეტის სხდომა დაატოვებინეს

PARLIAMENT.GE

მოძრაობა 2 ივნისის აქტივისტს ლექსო მაჭავარიანს ჯანდაცვის საპარლამენტო კომიტეტის სხდომა დაატოვებინეს. სხდომაზე მარიხუანის დეკრიმინალიზაციის შესახებ მომზადებულ კანონპროექტზე მსჯელობდნენ. შსს-ს წარმომადგენლის გამოსვლას, რომელიც აცხადებდა, რომ საქართველოს "დაბალანსებული ნარკოპოლიტიკა" სჭირდება, სხდომაზე ხმაური მოჰყვა, დეპუტატები და სხდომაზე მყოფი მოქალაქეები "დაბალანსებული ნარკოპოლიტიკის" ცნების განმარტებას ითხოვდნენ. შსს-ს წარმომადგენელმა გამოსვლა შეწყვიტა და კომიტეტის თავმჯდომარეს დიმიტრი ხუნდაძეს მოუწოდა, შესაბამისი ზომები მიეღო.

დიმიტრი ხუნდაძემ ლექსო მაჭავარიანს შენიშვნა მისცა, რომელიც რეპლიკას ითხოვდა. ხუნდაძემ მანდატური გამოიძახა და უთხრა, მაჭავარიანი დარბაზიდან გაეყვანა.

მას შემდეგ, რაც მაჭავარიანმა სხდომა დატოვა, შსს-ს წარმომადგენელმა განაცხადა, რომ არ არსებობს კვლევა, რას გამოიწვევს მარიხუანის დეკრიმინალიზაციის შესახებ კანონპროექტის განხორციელება ქვეყანაში. მისივე მტკიცებით, საქართველოს გაეროსთან ვალდებულება აქვს აღებული, რომ ქვეყანაში არ მოხდეს მარიხუანის დეკრიმინალიზაცია.

ამის გამო, შსს-ს წარმომადგენელს მოძრაობა 2 ივნისის აქტივისტმა პაატა საბელაშვილმა მატყუარა უწოდა და ჰკითხა, გაერო ითხოვს თუ არა მარიხუანის მოხმარებისთვის ციხეში ჩასმას. რის შემდეგაც, სხდომა საბელაშვილმაც დატოვა.

 

კომენტარები