სოციალური ქსელები

რუსეთმა სოციალური ქსელი Reddit-ი აკრძალა

Reddit.com

რუსეთის სახელმწიფო ინტერნეტცენზორმა Roskomnadzor-მა ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული საიტი Reddit.com აკრძალულ საიტთა ნუსხაში შეიტანა.

Roskomnadzor-მა Reddit-ის აკრძალვის გადაწყვეტილება რამდენიმე პერსონალური ბლოგის გამო მიიღო, აღნიშნული ბლოგები მარიხუანის დეკრიმინალიზაციას უჭერენ მხარს. Roskomnadzor-მა ჩათვალა, რომ ამგვარი ბლოგები მოსახლეობისთვის სახიფათოა და ნარკომანიის პროპაგანდას წარმოადგენს, ამიტომაც მთელი Reddit.com აკრძალა. Reddit.com-ის აკრძალვამდე მის წინააღმდეგ მიმართული პოსტები რუსეთის მთავრობის მიერ კონტროლირებად სოციალურ ქსელ Vkontakte-შიც მრავლად იყო. 

The Washington Times-ის ცნობით რუსეთის ჯანდაცვის სამინისტრო კატეგორიულად ეწინააღმდეგება მარიხუანის დეკრიმინალიზაციას. რუსეთის ჯანდაცვის სამინისტრომ აშშ-ის დედაქალაქის, ვაშინგტონის მიერ მარიხუანის დეკრიმინალიზაციასთან დაკავშირებით საკუთარი პროგნოზიც გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც ქალაქის ყველა მცხოვრები ნარკოდამოკიდებული გახდებოდა. 

Roskomnadzor-მა წელსვე ინტერნეტ Meme-ების შექმნა და გავრცელებაც აკრძალა. ინტერნეტსივრცე რუსეთში მთელი რიგი რეგულაციებით კონტროლდება. ახალი რეგულაციებით, წელს ყველა საიტმა, რომლის მომხმარებლებიც რუსეთის მოქალაქეები არიან, ამ მომხმარებლების შესახებ ინფორმაცია რუსეთში მდებარე სერვერებზე უნდა განათავსოს.

რუსეთთან ერთად, Reddit-ი ოფიციალურად აკრძალული ჩინეთსა და ჩრდილოეთ კორეაშია.

კომენტარები