შუალედური არჩევნები

კონსტიტუციური კვლევების ცენტრი: შუალედური არჩევნები არაკონსტიტუციურია

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კონსტიტუციური კვლევების ცენტრი არაკონსტიტუციურად მიიჩნევს შუალედური არჩევნების დანიშვნას საგარეჯოს და მარტვილის მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქებში, რადგან ეს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ეწინააღმდეგება.

როგორც ცენტრის განცხადებაშა აღნიშნული, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის განკარგულებით, 2015 წლის 31 აგვისტოს დაინიშნა შუალედური არჩევნები საგარეჯოს და მარტვილის მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქებში. არჩევნები უნდა ჩატარდეს 2012 წელს მიღებული საარჩევნო კოდექსის საფუძველზე, 2012 წლის არჩევნების დროს დადგენილი საზღვრების ფარგლებში. კონსტიტუციური კვლევების ცენტრი აღნიშნულ განკარგულებას არაკონსტიტუციურად მიიჩნევს, რადგან ნორმატიული აქტი, რომლის საფუძველზეც გამოცხადდა შუალედური არჩევნები, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ეწინააღმდეგება.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ 2015 წლის 28 მაისს არაკონსტიტუციურად ცნო ქვეყანაში მოქმედი მაჟორიტარული სისტემის მოდელი. საქმეში უჩა ნანუაშვილი და მიხეილ შარაშენიძე პარლამენტის წინააღმდეგ მოსარჩელეები სადაოდ ხდიდნენ საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის" 110-ე მუხლის პირველ პუნქტს: „საქართველოს პარლამენტის არჩევნებისთვის იქმნება 73 ერთმანდატიანი მაჟორიტარული სააჩევნო ოლქი, მათ შორის, თბილისში – 10 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი" და მე-2 პუნქტს: „საქართველოს პარლამენტის არჩევნებისთვის ერთმანდატიან მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქებს ქმნის და მათ საზღვრებს დადგენილებით ადგენს ცესკო".

მოსარჩელეები ასაბუთებდნენ, რომ საქართველოში მოქმედი მაჟორიტარული საარჩევნო სისტემა არღვევს ხმათა თანაბარწონადობის პრინციპს, რადგან ერთ საარჩევნო ოლქში რეგისტრირებული ამომრჩეველი 20-ჯერ და მეტჯერ აღემატება მეორე საარჩევნო ოლქში რეგისტრირებულ ამომრჩეველთა რაოდენობას, მაგრამ ერთსაც და მეორესაც ერთი წარმომადგენელი ჰყავს საკანონმდებლო ორგანოში, რაც წინააღმდეგობაში მოდის ხალხის მმართველობის იდეასთან და საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან.

საკონსტიტუციო სასამართლომ აღნიშნულ საქმეზე დაადგინა შემდეგი: „კონსტიტუციური სტანდარტების შესაბამისი საარჩევნო სისტემის შერჩევა წარმოადგენს დემოკრატიული საზოგადოებრივი წესწყობილებისათვის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ინსტიტუციურ გადაწყვეტილებას. საარჩევნო სისტემები განაპირობებს საარჩევნო ხმებისა და შესაბამისი მანდატების (სახელმწიფო, ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოების) ურთიერთდამოკიდებულებას, განსაზღვრავს მიღებული ხმების მანდატად გარდაქმნის პროცესს. . . „

„მაჟორიტარულ არჩევნებში ამომრჩევლის ხმის აბსოლუტურად თანაბარი „წონის" უზრუნველყოფა, პრაქტიკულად, შეუძლებელია, ვინაიდან ყოველთვის იარსებებს შედარებით უფრო მცირე და დიდი საარჩევნო ოლქები, რომლებიც თანაბარი რაოდენობის დეპუტატს აირჩევენ. ამავე დროს, საარჩევნო სისტემა, რომელშიც ერთ ოლქში რეგისტრირებული ამომრჩევლის ხმა რამდენჯერმე უფრო მეტად „ფასობს", ვიდრე მეორეში, არ ქმნის თანაბარ შესაძლებლობებს იმისთვის, რომ ამომრჩევლებმა თანასწორად მოახდინონ გავლენა არჩევნების შედეგებზე და ამომრჩევლების ხმათა თანაბრობის პრინციპიდან მნიშვნელოვან გადახრას იწვევს. ". . . არსებული გადახრა იმდენად მაღალია, რომ იწვევს არაპროპორციულ წარმომადგენლობას და არაადეკვატურად ასახავს საქართველოს მოქალაქეების წარმომადგენლობას უმაღლეს წარმომადგენლობით ორგანოში."

„განსახილველ შემთხვევაში აშკარაა, რომ სადავო ნორმა იწვევს არსებითად თანასწორი სუბიექტების – სხვადასხვა საარჩევნო ოლქებში რეგისტრირებული ამომრჩევლების დიფერენცირებას. საკონსტიტუციო სასამართლომ წინამდებარე გადაწყვეტილებაში უკვე დაადგინა, რომ განსხვავებულია სხვადასხვა ოლქებში რეგისტრირებული ამომრჩევლების ხმის „წონა" და მათი შესაძლებლობა, გავლენა მოახდინონ არჩევნების შედეგებზე, რაც გამოწვეულია საარჩევნო ოლქებში რეგისტრირებული ამომრჩევლების რაოდენობის უთანაბრობით."

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო ადგენს: „საქართველოს საარჩევნო კოდექსის" 110-ე მუხლის პირველი პუნქტის სიტყვები: „მათ შორის, თბილისში − 10 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი" და მე-2 პუნქტი: „საქართველოს პარლამენტის არჩევნებისთვის ერთმანდატიან მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქებს ქმნის და მათ საზღვრებს დადგენილებით ადგენს ცესკო" (2011 წლის 27 დეკემბრის რედაქცია) ეწინააღმდეგება კანონის წინაშე თანასწორობის უფლებას და არაკონსტიტუციურია საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან მიმართებით.

აღნიშნულის გათვალისწინებით, შუალედური არჩევნების გამოცხადება საქართველოს კონსტიტუციის უხეში დარღვევაა, ვინაიდან საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად – „საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა. არაკონსტიტუციურად ცნობილი ნორმატიული აქტი ან მისი ნაწილი კარგავს იურიდიულ ძალას, საკონსტიტუციო სასამართლოს შესაბამისი გადაწყვეტილების გამოქვეყნების მომენტიდან", - ნათქვამია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კონსტიტუციური კვლევების ცენტრის დასკვნაში.

კომენტარები