გიგი უგულავას საქმე

უსუფაშვილი: თუ მოსამართლე ავადაა, შეიძლება გადაწყვეტილების მიტანა მასთან

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ გიგი უგულავას საქმეზე გადაწყვეტილების არგამოცხადებაში მეტი სიცხადის შეტანას ითხოვს. სასამართლოს გადაწყვეტილება გუშინ, 17:00 საათზე უნდა გამხდარიყო ცნობილი, თუმცა, არ გამოცხადდა და მიზეზად მოსამართლე მერაბ ტურავას ავადმყოფობა დასახელდა. პარლამენტის თავმჯდომარემ დღევანდელ ბიუროს სხდომაზე აღნიშნა, რომ "თუ მოსამართლე ვერ მიდის სასამართლოში, მაშინ შეიძლება, გადაწყვეტილების მიტანა მოსამართლესთან".

"საქმე ეხება გუშინ საკონსტიტუციო სასამართლოში განვითარებულ თუ ვერგანვითარებულ მოვლენებს, რაც უკიდურესად არასასურველი მოვლენაა ყველაფრისთვის - პირველ რიგში, სასამართლოსთვის და მთლიანად სახელმწიფო ინსტიტუტებისთვის. მოგეხსენებათ, ჯერ დაანონსდა გადაწყვეტილების გამოცხადება, მოგვიანებით ითქვა, რომ ეს გადაწყვეტილება ტექნიკურად არ არის მზად, იმიტომ, რომ ერთ-ერთი მოსამართლე ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვერ ახერხებს გადაწყვეტილებაზე ხელის მოწერას. ამიტომ გადაწყვეტილება ვერ გამოცხადდა. გუშინ მქონდა საუბარი საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარესთან, ბატონ გიორგი პაპუაშვილთან და ვთხოვე, რომ რაც შეიძლება სწრაფად შევიდეს სიცხადე ამ საკითხში. ცხადია, გადაწყვეტილების შინაარსზე არ გვისაუბრია - გაჩნდა გარკვეული საბაბი სხვადასხვა მითქმა-მოთქმის - ერთი მხრივ იმისა, რომ ჯერ დაუსრულებელი თუ ტექნიკურად გაუმართავი გადაწყვეტილების გამოცხადება დაანონსდა და ხომ არ არის რაიმეს გამო ზედმეტი სიჩქარე, მეორე მხრივ, სრულიად გაუგებარი, არადამაჯერებელი მიზეზის გამო მოსამართლის ხელმოწერის დასმა ვერ მოხერხდა გადაწყვეტილებაზე - ხომ არ არის გადაწყვეტილების გამოქვეყნების ხელოვნური გაჭიანურების მცდელობა. არცერთი ვერსია არ ემსახურება იმას, რომ ქვეყანაში დამკვიდრდეს კონსტიტუციური წესრიგი და სასამართლო სარგებლობდეს იმ ნდობით და ავტორიტეტით, რაც აუცილებელია.

ბატონმა გიორგიმ ბრძანა, რომ დღეს კიდევ გაერკვევა სიტუაციაში, რაშია საქმე და იმედი მაქვს, რომ არ იქნება არც ზედმეტი სიჩქარე და არც ხელოვნური შეფერხება. სასამართლოში მხარეები იმიტომ მიდიან, რომ რაღაც საკითხებზე შეუთანხმებლობაა. ვიღაც რაღაცით კმაყოფილია, რაღაცით უკმაყოფილო. ეს არ არის მოსამართლეების განსჯადი საკითხი. სასამართლომ და მოსამართლეებმა უნდა განსაჯონ არსებული დავა.

ასე რომ, თუ ვინმეს ჯანმრთელობის მდგომარეობა აფერხებს და ქაღალდზე ხელის მოწერის პრობლემა დგება, თუ მოსამართლე ვერ მიდის სასამართლოში, მაშინ შეიძლება გადაწყვეტილების მიტანა მოსამართლესთან. თუ რამე სხვა არის პრობლემა, ესეც გავიგოთ", - თქვა უსუფაშვილმა.

კომენტარები