ხორავას ქუჩის საქმე

ხოშტარია: მტკიცებულებების არმოპოვების პროცესი მიდიოდა რაღაცა მიზნით

ჩვენ ვნახეთ, პროკურატურა როგორ არათუ არ ეძებს მტკიცებულებებს, არამედ მიზანმიმართულად არ იღებს, ეს ჩემი დიდი ეჭვია. სხვა ახსნა მე არ ვნახე. როგორ შეიძლება, არ დაკითხო მოწმეები, არ ნახო დროულად კამერები, დაინგრეს და არ დაიცვა მკვლელობის ადგილი, ფარდული. პროკურატურა მიზანმიმართულად, შემარცხვენელი ტყუილებით ხსნის, რატომ არ ამოიღო მიმოწერა, რომელიც დაგვეხმარებოდა მოტივის და განზრახვის დადგენაში, ორწუთიან ტყუილებს იძახის, რომ თურმე დ.ღ-ს ტელეფონი იმიტომ არ ამოიღეს, რომ მას ტელეფონი არ ჰქონდა - იქვე წავუკითხეთ, რომ ტელეფონი ჰქონდა და თვითონ მიუთითებს იმ ტელეფონზე.

ვხედავ, რომ მტკიცებულებების არმოპოვების პროცესი მიდიოდა რაღაცა მიზნით, და რა თქმა უნდა, აქ არის ეჭვი კონკრეტულად იმ ადამიანის დაძვრენით [მიხეილ კალანდია], რომელზეც ჩვენ ვსაუბრობთ და თქვენ, ბატონო მამუკა [მდინარაძე], ახლა იძახით, რომ მტკიცებულებები არ არისო.

დიახაც, იმ პირობებში გვიწევს მუშაობა, როდესაც მტკიცებულებები განადგურებულია, და ამ განადგურებულის პირობებშიც კი ვხედავთ - საქმიდან იკვეთება, რომ ეს ადამიანი იღებდა მონაწილეობას ამ საზარელ ამბავში. როდესაც ჩვენ მივედით მთავარ წერტილამდე პროკურორის პოზიციაა, მუშტს რომ ურტყამდა დაჩეხილ ბავშვს, ეს გაშველებააო. ასეთ მარაზმატიკულ სურათში ვართ.

აღიძრას საქმე, დაიწყოს დევნა და მერე, რა თქმა უნდა, ეს არის მიმართულება პროკურატურისთვის - დაბრუნდით რეალურ გამოძიებაში და დანა იქნება თუ სხვაგვარი მონაწილეობა, დაადგინოს მერე გამოძიებამ, მაგრამ ისეთმა გამოძიებამ კი არა, მთელი ქვეყანა რომ ლაფში ჩაგვდო, რეალურმა გამოძიება და გავუწიოთ ამას კონტროლი.

ევროპული საქართველოს დეპუტატი ელენე ხოშტარია ხორავას ქუჩის საქმეზე, საგამოძიებო კომისიის სხდომაზე. დეპუტატები ევროპული საქართველოს რეკომენდაციებზე მსჯელობენ, რომელთაგან ერთერთი მიხეილ კალანდიას მომართ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყებას გულისხმობს. ამას უმრავლესობის დეპუტატები არ ეთანხმებიან და ფიქრობენ, რომ ეს ნაადრევია.

კომენტარები