საქართველოს მთავრობა

ბახტაძე: ხელისუფლება ძალადობრივად ორჯერ შეიცვალა, ორივემ უმძიმესი შედეგები მოუტანა ქვეყანას

დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ორჯერ მოხდა ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლა. ორივე შემთხვევაში ჩვენ საზოგადოებას კარგად ახსოვს, რომ შტურმი მიიტანეს საქართველოს პარლამენტზე და ორივე შემთხვევა დასრულდა უმძიმესი შედეგებით ჩვენი ქვეყნისთვის. ამან მოიტანა ავტორიტარიზმი, ჩვენი ტერიტორიების ოკუპაცია, ძმათამკვლელი ომი, ეკონომიკური კოლაფსი და სრული ქაოსი ქვეყანაში. ჩვენ დღემდე ვგრძნობთ ამ უმძიმესი მოვლენების შედეგებს. ამის მცდელობა იყო მესამედ.

ორივე შემთხვევაში აღმოჩნდა ისე, რომ სახელმწიფო ინსტიტუტები არ იყვნენ მოწოდების სიმაღლეზე. კონკრეტულად კი შინაგან საქმეთა სამინისტრო, ვინაიდან ეს იყო მათი მოვალეობა, რომ მაშინ აღეკვეთათ ეს უმძიმესი სცენარი ჩვენი ქვეყნისთვის. დღეს არის სხვა მდგომარეობა - ჩვენ და შინაგან საქმეთა სამინისტრომ შეძლო და აგვაცილა ეს უმძიმესი სცენარი და ეს უმძიმესი გამოცდილება. აქედან გამომდინარე, მინისტრს, ისევე, როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს ჩემგან პირადად და საზოგადოების ყველა წევრისგან ეკუთვნის მადლობა და მხარდაჭერა.

ძლიერი სახელმწიფო ინსტიტუტები არის ერთადერთი გზა იმისთვის, რომ საქართველო შედგეს როგორც წარმატებული, ევროპული სახელმწიფო. ჩვენ ვაკეთებთ ამისთვის ყველაფერს, მაგრამ ამავდროულად თითოეულ ჩვენგანს კარგად უნდა გვახსოვდეს ჩვენი უახლესი ისტორია, თუ როგორ სარგებლობდა ყოველთვის საქართველოს სახელმწიფოებრიობის მტერი.

პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე 1991 წლის სახელმწიფო გადატრიალებას და 2003 წლის ვარდების რევოლუციას ერთმანეთს ადარებს.

კომენტარები