ევროპული საქართველო

კახიძე: წარსულის შეცდომები უნდა გავიაზროთ, რომ მომავალში იგივე არ განმეორდეს და წინ ვიაროთ

გიგა მაქარაშვილის სტატუსის ქვეშ მიმდინარე დისკუსიას მინდა გამოვეხმაურო.

ცოცხის კადრები ბედუკაძემ დადგა ციხეში, ვიდეო გადაიღო სპეციალურად 5 ნომერ საკანში, სადაც პატიმარს ცოცხი ფეხებს შორის აქვს ამოდებული და ბედუკაძეს პასუხობს წინასწარ შეთანხმებულ ფრაზას.

დადასტურებული ფაქტია, რომ ბედუკაძე არის რუსეთის აგენტი და ღია პუტინისტი.

კი ბატონო.

მაგრამ ეს არ არის აქ ცენტრალური საკითხი და არც გიგას სტატუსში იყო მთავარი - ცოცხით აყენებდნენ უმწეო მდგომარეობაში მყოფ პატიმრებს ტკივილს, რეზინის ხელკეტით თუ სხვა საგნებით.

ბედუკაძე იყო სასჯელაღსრულების თანამშრომელი.

ის აწამებდა პატიმრებს. აწამებდა და ამცირებდა ადამიანებს ხელკეტით, სიგარეტით, თუ მოუნდებოდა, ცოცხსაც ამოუდებდა ფეხებს შორის და თან უღებდა, და ეს იყო შესაძლებელი მაშინდელ სისტემაში.

მაგრამ სამწუხაროდ, მხოლოდ ბედუკაძე არ იყო გამონაკლისი. მარტო ის არ აწამებდა პატიმრებს, არანაკლები სადისტები და ჯალათები ჰყავდა გარშემო.

ციხეში პატიმრებს ურტყამდნენ და მათზე ძალადობდნენ. ციხეში შესვლის დროს, საკანში ხმაურის გამო ან ისე, უბრალოდ, როცა მოეხასიათებოდათ. ურტყამდნენ წინასწარ პატიმრობაში მყოფებს, საპროცესო შეთანხმების მომლოდინეებს, უკვე მისჯილებს - ყველას.

სასჯელაღსრულების სისტემის ასეთ სიმახინჯედ ჩამოყალიბებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება წინა ხელისუფლებას, რომლის ნაწილი მეც ვიყავი. პასუხისმგებლობა ეკისრებათ მაშინდელი ხელისუფლების მაღალჩინოსნებს, რომლებმაც ეფექტური კონტროლის გარეშე, ვიღაც სადისტების ხელში ჩაყარეს ათასობით ადამიანი.

დიახ, მეც მეკისრება ჩემი წილი პასუხისმგებლობა, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება თანამდებობრივად უშუალოდ არ მევალებოდა ციხის პრობლემებზე რეაგირება, მაგრამ მეტი ყურადღება უნდა მიმექცია ამ საკითხისთვის და ერთეულ შემთხვევებზე რეაგირების ნაცვლად (რაც ჩემ ყურამდე მოდიოდა), ხმაური უნდა ამეტეხა და მაშინდელი სახალხო დამცველის შეტყობინებებზე ადეკვატური პასუხი - დამნაშავეთა გამოვლენა და კანონის სიმკაცრით დასჯა უნდა მომეთხოვა.

მაშინდელ საზიზღრობას ციხეებში არ ამართლებს ის, რომ შევარდნაძის დროს უშიშროების და პოლიციის იზოლატორებში დაკავებულთა წამება რუტინული პრაქტიკა იყო, რომ იქამდე ციხეებში ქურდები და მაყურებლები პატიმრებს ყოველდღე ჭრიდნენ, კლავდნენ და მორალურად ანადგურებდნენ.

ამ ხელისუფლებამ ბედუკაძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმა და მას ნასამართლობაც კი არა აქვს. სხვა სადისტებიც გაუშვა ციხიდან. პროკურორი ჯარჯი წიკლაური, რომელსაც მაშინ პატიმართა ცემის შესახებ სახალხო დამცველის შეტყობინებებზე რეაგირება ევალებოდა - საგამოძიებო ნაწილის უფროსის მოადგილედ დააწინაურეს.

2013 წლიდან მოყოლებული, სახალხო დამცველების 100-ზე მეტი შეტყობინებიდან, რომლებიც პატიმართა წამებას და მათდამი არაადამიანურ მოპყრობას ეხება, არც ერთი (!) საქმე არ დასრულებულა შედეგით, "მიმდინარეობს გამოძიება". სახალხო დამცველები ანგარიშებში მიუთითებენ, რომ ციხეებში გაძლიერდა კრიმინალური სუბკულტურა და მაყურებელთა გავლენა, რაც ასევე ძალიან საშიშია პატიმართა ღირსების, ჯანმრთელობისა და სიცოცხლისთვის.

ჩაკეტილ სისტემებს განსაკუთრებით სჭირდებათ ადეკვატური კონტროლი და ზედამხედველობა, რომ მოხელეებმა თუ სხვა "ავტორიტეტებმა" ადამიანთა ბედით არ ითამაშონ.

წარსულის შეცდომები უნდა გავიაზროთ, რომ მომავალში იგივე არ განმეორდეს და წინ ვიაროთ.

ევროპული საქართველოს დეპუტატი ოთო კახიძე Facebook-ზე წერს.

კომენტარები