რუსული ოკუპაცია

მეუფე მელქისედეკი: რუსეთი ტანკზე თუ ბომბდამშენზე ეფექტურად ე.წ. "ერთმორწმუნეობას" იყენებს

როგორც მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავარი უპირველესად იმას დავძენ, რომ ეკლესიამ საღმრღთო წერილის, საეკლესიო სამართლისა და წმინდა მამათა სწავლების მიხედვით წინ წამოწია ადამიანი, ადამიანის ღირსება და უარყო ნებისმიერი სახის ჩაგვრა, დაგმო ეთნოფილეტიზმი - რომელიმე ერის სხვაზე უპირატესობის შესახებ სწავლება. შესაბამისად, არ არსებობს მორწმუნეთა შორის ეროვნული განსხვავება და ქართველი, რუსი, ოსი, აფხაზი, ბერძენი თუ სხვა ეროვნების მორწმუნე ყველა ერთი და იგივე პატივით სარგებლობს უფლის წინაშე, რადგან ყველანი ერთ, წმინდა, კათოლიკე და სამოციქულო ეკლესიაში ვერთიანდებით.

მაგრამ სწორედ იმის გამო, რომ მართლმადიდებელი ეპისკოპოსი ვარ, მაკისრია ვალდებულება, ხმა ავიმაღლო ოკუპაციის დამღუპველი ცოდვის, ჩემი ქვეყნის უცხო სახელმწიფოს მიერ დაპყრობისა და ბოროტების იმ "იარაღების", წინაააღმდეგ, რომლითაც ოკუპაცია ხორციელდება. ტრაგიკულია, რომ ჩვენი ჩრდილოელი მეზობელი ტანკზე თუ ბომბდამშენზე ეფექტურად ე.წ. "ერთმორწმუნეობას" იყენებს ჰიბრიდული ომის ინსტრუმენტად, რბილ ძალად, იდეოლოგიურ მანქანად, რასაც ქრისტეს მიერ ნაქადაგებ და ჯოჯოხეთის მძლეველ მოძღვრებასთან საერთო არაფერი აქვს.

მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსმა მელქისედეკ ხაჩიძემ ამის შესახებ კონფერენციაზე "რუსეთის კულტურის ცენტრი - ახალი საოკუპაციო ბაზა თბილისში" სიტყვით გამოსვლის დროს ისაუბრა.

კომენტარები