ლარის კურსის ვარდნა

მიროტაძე ლარზე: ხელისუფლების ბრალი მინიმალურია, მოსახლეობა გაიგებს

ნაციონალურ მოძრაობასთან ერთად კრიზისიდან გამოყვანის შანსს ვერ ვხედავ, იმიტომ რომ ეს პოლიტიკური გუნდი ძირითადად მიმართულია იქით, რომ როგორმე ქვეყანაში პოლიტიკური ვითარება, და არამხოლოდ პოლიტიკური, იმდენად მძიმე და რთული იყოს, რომ ქაოსში გადაიზარდოს. ეს მხოლოდ და მხოლოდ გამოწვეულია იმით, რომ ვერ ეგუებიან ქართული ოცნების ხელისუფლებაში ყოფნას. ხელისუფლებას, რომელსაც ეშინია საკუთარ ხალხს გასცეს პასუხი, ის ხელისუფლება არ ვარგა არცერთ შემთხვევაში, ამიტომ ვფიქრობ, რომ არაფერი ტრაგიკული არ არის, თუ ეს ადამიანები [მთავრობის ეკონომიკური გუნდი] მოვლენ და აგვიხსნიან, რა ხდება, იქნებ ჩვენ არ ვიცით ბევრი რამე, იქნებ არ ვიცით ის რეალური ფაქტორები, ან საზოგადოებას შეიძლება, სჭირდებოდეს გაიგოს, რა არის იმის გამომწვევი მიზეზი, რომ დღეს ეკონომიკური მდგომარეობა არის რთული. თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ დოლარი მხოლოდ საქართველოში არ გამყარდა და სხვა ქვეყნებშიც არის რთული მდგომარეობა, ამას მოსახლეობა ძალიან ჩვეულებრივად გაიგებს. მე მესმის, როდესაც ადამიანს დათვლილი აქვს თითოეული თეთრი, რამდენად რთულია ასეთი გაუფასურებული ლარი, მაგრამ თუ იმასაც ავუხსნით ადამიანებს, რომ ამაში ხელისუფლების ბრალეულობა არის მინიმალური, მე ერთი რამე ვიცი ზუსტად, რომ მოქალაქეებს ამის გაგება არასოდეს არ უჭირთ. ასე რომ, ყველაზე მაგარია, როდესაც უხსნი ადამიანს, რომ არსებობს პრობლემა, მაგრამ ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს იმისთვის, რომ როგორმე გამოვიდეთ ამ მძიმე მდგომარეობიდან.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ანი მიროტაძე მთავრობის ეკონომიკური გუნდის პარლამენტში დაბარებაზე.

კომენტარები