საქართველო-რუსეთი

ონიშენკო: ქართული ღვინო რუსულ ბაზარზე შესაძლოა აპრილში გამოჩნდეს

ქართული ღვინისა და მინერალური წყლისთვის რუსული ბაზარი შესაძლოა აპრილიდან გაიხსნას. ამის შესახებ რუსული მედია „როსპოტრებნადზორის“ ხელმძღვანელ გენადი ონიშჩენკოს განცხადების საფუძველზე წერს.

ონიშენკოს განცხადებით, თეორიულად ეს უკვე აპრილში იქნება შესაძლებელი, მაგრამ პრაქტიკულად, ეს მასზე არაა დამოკიდებული და ამის შესახებ პასუხი მხოლოდ ქართულმა მხარემ შეიძლება გასცეს. ,,ორმა კომპანიამ 40-ზე მეტი ღვინის სახეობა წარმოადგინა. ისენი უმსხვილესი მწარმოებლები არიან. მიმდინარეობს პროცედურა, სხვა საქმეა, რომ ის რთულია. თუ წარმოდგენილი ნიმუშები შემოწმებას გაივლიან, მაშინ ისინი რუსეთის ბაზარზე დაიშვებიან“, - აღნიშნა ონიშენკომ.

პირველი ინსპექციის შედეგად, რუსეთის სანიტარული სამსახურის მიერ რუსეთის ბაზარზე რეგისტრაციისთვის დაშვებულ იქნა 36 ღვინისა და 4 მინერალური წყლის საწარმო. ონიშენკომ განაცხადა, რომ პირველი შემოწმების შედეგებით, მთლიანობაში კმაყოფილია, თუმცა არსებობს საკითხებიც, რომელთა მოგვარებაც აუცილებელია. ექსპერტთა მეორე ჯგუფმა, რომელთა ვიზიტიც 25 მარტისთვისაა დაგეგმილი, კიდევ 40-მდე საწარმოს ჰიგიენურ-სანიტარული მდგომარეობა უნდა შეამოწმოს. აღსანიშნავია ისიც, რომ "როსპოტრებნადზორმა" რამდენიმე დღის წინ განაცხადა მეორე ინსპექციის თარიღის შესაძლო გადადებასთან დაკავშირებით. ამის მიზეზად მათ დაასახელეს ის გარემოება, რომ ქართულმა მხარემ საწარმოების შემოწმებისათვის საჭირო დოკუმენტების არასრული პაკეტი წარადგინა.

რუსულ ბაზარზე ქართული ღვინისა და მინერალური წყლის შეტანა 2006 წელს აიკრძალა. მაშინ ამის ოფიციალურ მიზეზად პროდუქციის ხარისხთან დაკავშირებული პრობლემები დასახელდა.

 

კომენტარები