საქართველო-რუსეთი

Азимут-მა სანქტ-პეტერბურგიდან თბილისის მიმართულებით რეისების შესრულება დაიწყო

rustourismnews

რუსულმა ავიაკომპანია Азимут-მა სანქტ-პეტერბურგის პულკოვოს აეროპორტიდან თბილისის მიმართულებით პირდაპირი რეისების შესრულება დაიწყო. ინფორმაცია ავიაკომპანიის ოფიციალურ ვებგვერდზეა ხელმისაწვდომი.

"რეისი საქართველოს დედაქალაქის მიმართულებით არის პულკოვოს საერთაშორისო აეროპორტიდან ავიაკომპანია Азимут-ის პირველი უცხოური მიმართულება, რომელიც 2024 წელს გაიხსნა". - ნათქვამია ავიაკომპანიის განცხადებაში.

თბილისის მიმართულებით რეისები კვირაში ორჯერ - ორშაბათს და კვირას შესრულდება. Азимут-ი თბილისისკენ დაფრინავს რუსეთის კიდევ ოთხი ქალაქიდან: მოსკოვიდან, მინერალნიე-ვოდიდან, სოჭიდან და უფადან.

სანქტ-პეტერბურგსა და თბილისს შორის პირდაპირ რეისებს კვირაში ორჯერ უკვე ახორციელებს ქართული ავიაკომპანია Georgian Airways-ი და კვირაში სამჯერ რუსული ავიაკომპანია Red Wings-ი. Georgian Airways-ი მაისიდან რეისების რაოდენობის სამამდე გაზრდას გეგმავს.

Азимут-მა, რომელიც უკრაინის მიერაა სანქცირებული, საქართველოსა და რუსეთს შორის ფრენების შესრულება 17 მაისიდან დაიწყო.

გადაწყვეტილება მას შემდეგ იქნა მიღებული, რაც ვლადიმირ პუტინმა რუსულ ავიაკომპანიებს საქართველოში ფრენაზე შეზღუდვები მოუხსნა და 2019 წლის განკარგულება ძალადაკარგულად გამოცხადდა. საქართველოს მოქალაქეებისთვის გაუქმდა სავიზო რეჟიმიც.

კომენტარები