საქართველო-რუსეთი

The Insider-ის გამოძიების ავტორის კომენტარი საქართველოში ГРУ-ს შესაძლო მოქმედებაზე

მაიკლ ვაისი

საგამოძიებო-ჟურნალისტური პროექტი The Insider-ის ე.წ. ჰავანის სინდრომთან დაკავშირებული გამოძიების ერთ-ერთმა ავტორმა, მაიკლ ვაისმა ტაბულასთან საუბარში აღნიშნა, რომ საქართველოში რუსეთის დაზვერვის მთავარი სამმართველოს (ГРУ) მოქმედება გასაკვირი არაა. 

გამოძიებაში, რომელიც გასულ დღეს გამოქვეყნდა, ნავარაუდები იყო, რომ ГРУ-ს სპეციალური დანაყოფი 29155 პასუხისმგებელია ე.წ. ჰავანის სინდრომზე – ჯანმრთელობის ანომალიურ გართულებებზე, რომლებიც ამერიკელ დიპლომატებსა და ცენტრალური დაზვერვის სააგენტოს თანამშრომლებს სხვადასხვა ქვეყნებში ემართებოდათ. მასალების მიხედვით, რუსი ჯაშუშები, სავარაუდოდ, მართული ენერგიის იარაღს იყენებდნენ. ამავე ცნობებით, ერთ-ერთი თავდასხმა თბილისშიც, კერძოდ დიღომში მოხდა.

"ვიხილეთ თავდასხმების ცნობები მთელი მსოფლიოდან: გუანჯოუ - ჩინეთი, ტაშკენტი - უზბეკეთი, ლონდონი, კი-უესტი - ფლორიდა. გასაკვირიც კი იქნებოდა, რომ ამერიკელები თბილისში მიზანში არ ამოეღოთ, განსაკუთრებით რუსეთის უსაფრთხოების სამსახურებისთვის საქართველოში დღესდღეობით არსებული გახსნილი გარემოს გათვალისწინებით. ასე რომ, ეს გასაკვირი არაა." – თქვა ტაბულასთან მაიკლ ვაისმა.

The Insider-ს ფაქტების გადამოწმებასა და მოპოვებაში ტაბულას გუნდიც ეხმარებოდა.

"თვეებია რაც ეს გამოძიება მიმდინარეობს და ტაბულას გუნდი – მე და გიორგი წიქარიშვილი ვეხმარებოდით და ვმონაწილეობდით ამ პროცესში. მიუხედავად იმისა რომ ეს ვერსია არ შემოიფარგლება მხოლოდ საქართველოს შემთხვევით და სხვა ქვეყნებიც არის დასახელებული, ჩვენს მდგომარეობას ართულებს ის ფაქტი, რომ ჩვენს შემთხვევაში ბევრად მეტი საფუძველი გვაქვს ვიფიქროთ, რომ მტრული სახელმწიფოს  სპეცსამსახურები, რუსეთის ГРУ თავისუფლად და წინაღობების გარეშე მოქმედებს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე." – თქვა ტაბულას საერთაშორისო ურთიერთობების მენეჯერმა, კატო კოპალეიშვილმა, რომელიც მაიკლ ვაისის ასისტენტიც არის.

ჰავანის სინდრომის კავშირი ГРУ-სთან და თავდასხმა თბილისში – The Insider-ის ახალი გამოძიება

ჟურნალისტური გამოძიების მიხედვით, 2021 წლის ოქტომბერში საქართველოში იმყოფებოდა ГРУ-ს დირექტორის მოადგილისა და დანაყოფ 29155-ის მეთაურის, ანდრეი ავერიანოვის შვილი, ალბერტ ავერიანოვი. ამერიკელი, რომელიც ჰავანის სინდრომის მსხვერპლი გახდა, ავერიანოვი ფოტოზე ამოიცნო.

"როდესაც ეს ფოტო დავინახე, პირდაპირ სპონტანური რეაქცია მქონდა, ცუდად გავხდი. არ შემიძლია 100 პროცენტით დარწმუნებით ვთქვა, რომ სწორედ ეს ადამიანი იყო, მაგრამ ის მას ნამდვილად ძალიან ჰგავს. დღესაც კი, მას რომ ვუყურებ, იგივე ინტუიციურ რეაქციას ვგრძნობ." – თქვა თბილისში დაზარალებულმა ამერიკელმა, რომელიც აშშ-ს საელჩოს თანამშრომლის ცოლი იყო.

კომენტარები