ომბუდსმენის ანგარიში

ომბუდსმენი: შესაძლოა, შსს-ს მიერ ჩატარებული გამოძიება ეფექტური არ იყოს

ომბუდსმენის აპარატმა შინაგან საქმეთა სამინისტროს სამართალდამცავების მიერ ადამიანების დაკავებისას უფლებამოსილების გადაჭარბების ფაქტების გამოძიების რეკომენდაციით მიმართა. უჩა ნანუაშვილის თქმით, შესაძლოა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიება ეფექტური არ იყოს. ამიტომ, მისი განცხადებით, აუცილებელია დამოუკიდებელი ორგანოს შექმნა, რომელიც სამართალდამცავების უკანონო ქმედებებს შეისწავლის.

უჩა ნანუაშვილმა დღეს სახალხო დამცველის აპარატის იანვრის თვის მუშაობის შედეგები შეაჯამა. აპარატმა სპეციალური ბიულეტენიც გამოსცა, რომელშიც ამა თუ იმ უწყებისთვის გაცემული რეკომენდაციები და შენიშვნებია თავმოყრილი. ომბუდსმენმა იანვრის მთავარ მოვლენად ოსური ფორუმის შექმნა დაასახელა, რომელიც ეთნიკურად ოსი მოსახლეობის უფლებების დაცვაზე მომუშავე სპეციალური ჯგუფის შექმნას გულისხმობს.

სახალხო დამცველმა რეკომენდაციით სასჯელაღსრულების სამინისტროსაც მიმართა. რეკომენდაცია პატიმრობის კოდექსში შესულ იმ ცვლილებებს ეხება, რომელიც სპეციალური საშუალებების გამოყენებას ითვალისწინებს. ნანუაშვილის თქმით, ომბუდსმენის აპარატის რეკომენდაციაა, პატიმრობის კოდექსში ყველაფერი დეტალურად იყოს გაწერილი.

ომბუდსმენმა ლაფაყურის სპეცოპერაციის გამოძიების შემსწავლელი საბჭოს მუშაობაზეც ისაუბრა. მისი თქმით, ამ საკითხზე ინფორმაციის მოძიების პროცესი თითქმის დასრულებულია, შეგროვებული ინფორმაცია კი, გაზაფხულზე გასაჯაროვდება.

ნანუაშვილის თქმით, ყოველი თვის ბოლო პარასკევს ეროვნულ ბიბლიოთეკაში ადამიანის უფლებების დაცვის თემებზე საჯარო დებატები გაიმართება. პირველი დებატების თემა ხუდონჰესის მშენებლობასთან დაკავშირებით ხაიშის მოსახლეობის პრობლემები იქნება.

კომენტარები