აშშ-ში ვიზიტი

ირაკლი ალასანია აშშ-ში გაემგზავრა

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრა. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში ალასანია გამართავს შეხვედრებს აშშ-ის აღმასრულებელი ხელისუფლების მაღალი დონის წარმომადგენლებთან. უწყების ცნობით, ვიზიტის მნიშვნელოვანი ნაწილი ამერიკის შეერთებული შტატების სენატსა და წარმომადგენელთა პალატაში შეხვედრებს დაეთმობა. 

ირაკლი ალასანია ვაშინგტონში აშშ-ის ატლანტიკური საბჭოს კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას, სადაც სიტყვით გამოსვლისას საქართველოს NATO-ში გაწევრიანების პერსპექტივებზე ისაუბრებს. კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ ამერიკის შეერთებული შტატების ვიცეპრეზიდენტი ჯოზეფ ბაიდენი და სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი. 

დაგეგმილია თავდაცვის მინისტრის საჯარო გამოსვლა ბრუკინგსის ინსტიტუტში თემაზე "საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებები რეგიონული უსაფრთხოების კონტექსტში". ირაკლი ალასანია მონაწილეობას მიიღებს ვაშინგტონში, ლევან მიქელაძის სახელობის ფონდის კონფერენციის - "საქართველოს ევროპული არჩევანი" ფარგლებში გამართულ დისკუსიაში - "საქართველოს ტრანსატლანტიკური მისწრაფება".

თავდაცვის მინისტრი ასევე გამართავს შეხვედრებს აშშ-ის არასამთავრობო სექტორისა და კვლევითი ცენტრების წარმომადგენლებთან. შეხვედრები იგეგმება გაერთიანებული ერების ორგანიზაციაშიც.

ასევე, ირაკლი ალასანია სან-დიეგოს პიტერ ჰარშის საპროთეზო კლინიკაში პირადად გაეცნობა 2008 წლის აგვისტოს ომსა და NATO-ს ISAF-ის მისიაში დაჭრილი ქართველი სამხედრო მოსამსახურეების რეაბილიტაციის პროცესს.

კომენტარები