აშშ-ში ვიზიტი

კვირიკაშვილი: ელჩი დარჩა პრემიერთან და ამაში უკანონო არაფერი არ ყოფილა

ტაბულა

საგარეო საქმეთა მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის შეფასებით, „კარგი იქნებოდა, რომ აშშ-ში საქართველოს ელჩი არჩილ გეგეშიძე ყოფილიყო ვაშინგტონში პრეზიდენტის ვიზიტის განმავლობაში“. თუმცა, როგორც კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ თქვა, ნიუ იორკში  პრემიერმინისტრის შეხვედრების გრაფიკიდან გამომდინარე, მიიღეს ელჩის ნიუ იორკში დარჩენის გადაწყვეტილება. კვირიკაშვილი აღნიშნავს, რომ ამაში უკანონო არაფერია.

„პრემიერის შეხვედრებიდან გამომდინარე, მათ შორის, იმ შეხვედრებიდან, რომლებიც იყო გაეროს ფორმატის მიღმა და იყო ასეთი ორმხრივი შეხვედრები ამერიკის მთავრობის წარმომადგენლებთანაც, მთავრობის მეთაურთან კონსულტაციით, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ ელჩი დარჩენილიყო ნიუ იორკში და ამაში უკანონობის დანახვა არის უფრო გადამეტება ნამდვილად, იმიტომ, რომ ამაში უკანონო არაფერი არ ყოფილა. ზოგადად ის, რომ ამ საკითხზე ჩვენ გვიწევს კომენტარების კეთება, მიმაჩნია, რომ არის ცუდი და მიმაჩნია, რომ რაც უფრო უკეთესი კოორდინაცია იქნება ქვეყნის უმაღლეს პირებს შორის საგარეო პოლიტიკის მიმართულებით ნაბიჯების დაგეგმვისას, მით უფრო სასარგებლო იქნება ეს ქვეყნისთვის და მე, როგორც საგარეო საქმეთა მინისტრი, შევეცდები, მაქსიმალურად მეტი გავაკეთო იმისთვის, რომ ასეთი ტიპის კოორდინაცია შედგეს“, - თქვა კვირიკაშვილმა.

საგარეო საქმეთა მინისტრის მინისტრის განცხადებითვე, დანიშვნიდან რამდენიმე დღეში, შეხვდა პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენელ თენგიზ ფხალაძეს და შესთავაზა ამერიკაში პრეზიდენტის ვიზიტის ცალკე დაგეგმვა, მაგრამ მისი თქმით, პრეზიდენტის ადმინისტრაციამ ეს არ გაითვალისწინა. კვირიკაშვილი პრემიერმინისტრისა და პრეზიდენტის ამერიკაში ვიზიტს წარმატებულად აფასებს და ამბობს, რომ ამ შედეგისთვის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დიდი სამუშაო გასწია. 

კომენტარები