აშშ-ში ვიზიტი

ირაკლი ღარიბაშვილი აშშ-ში გაემგზავრა

საქართველოს მთავრობა

საქართველოს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დღეს ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრა. ირაკლი ღარიბაშვილი გაეროს გენერალური ასამბლეის 70-ე სესიაზე სიტყვით გამოვა. 

მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, დაგეგმილია საქართველოს პრემიერმინისტრის სიტყვით გამოსვლა პრეზიდენტ ობამას პატრონაჟით ორგანიზებულ გაეროს სამშვიდობო ოპერაციების და ძალადობისა და ექსტრემიზმის წინააღმდეგ ლიდერთა სამიტზე. მთავრობის ინფორმაციითვე, ირაკლი ღარიბაშვილი მიწვეულია პრეზიდენტ ობამასა და მისი მეუღლის სახელით გამართულ ოფიციალურ მიღებაზე. 

"ნიუ-იორკში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პრემიერმინისტრი სიტყვით გამოვა გაეროს სამიტზე, თემაზე - 2015 წლის შემდგომი განვითარება, ასევე, მონაწილეობას მიიღებს მსოფლიო ლიდერების შეხვედრაში გენდერული თანასწორობისა და ქალთა უფლებების დაცვის საკითხებზე, SDG სამიტის ინტერაქტიულ დიალოგში, თემაზე - დედამიწის დაცვა და ბრძოლა კლიმატურ ცვლილებებთან", - აცხადებს მთავრობის ადმინისტრაცია და აღნიშნავს, რომ ირაკლი ღარიბაშვილი კლინტონის გლობალური ინიციატივის ყოველწლიური შეხვედრის ფარგლებში, კლინტონის გლობალური მოქალაქის დაჯილდოების ცერემონიას დაესწრება. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია ორმხრივი შეხვედრები, მათ შორის გაეროს გენერალურ მდივანთან ბან კი მუნთან.

ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტისას, საქართველოს პრემიერმინისტრი სიტყვით გამოვა ეკონომიკურ ფორუმზე Georgia - Making Business Easy, ასევე შეხვდება ქართველ სტუდენტებს და დაათვალიერებს გამოფენას - Discover Georgia.

კომენტარები