ყვარლის გამგებლის დაკავება

ყვარლის ყოფილი გამგებელი საკრებულოს გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს

ყვარლის ყოფილი გამგებელი დავით ქევხიშვილი საკრებულოს გადაწყვეტილებას თანამდებობიდან განთავისუფლების შესახებ სასამართლოში გაასაჩივრებს. როგორც დღევანდელ ბრიფინგზე დავით ქევხიშვილმა განაცხადა, საზოგადოებამ უნდა დაინახოს, რომ ის უსამართლოდ გაათავისუფლეს.

"საკრებულოს გადაწყვეტილებას გავასაჩივრებთ უახლოეს პერიოდში, მას შემდეგ, რაც ჩვენ ოფიციალურად მივიღებთ საკრებულოსგან დოკუმენტაციას. ამას იმიტომ ვაკეთებთ, რომ დავანახოთ საზოგადოებას ის უსამართლობა, რაც მოხდა. უსამართლობა არის ის, რომ ეს პროცესები არ დაწყებულა ახლა, ეს დაიწყო 3 თვის წინ. არაერთი მცდელობა იყო ჩემი გამგებლის თანამდებობიდან ჩამოშორების, დაწყებული არაერთი გამოძიებით, დამთავრებული თუნდაც იმ ფაქტით, როდესაც პროკურატურა უსაფუძვლოდ ითხოვდა ჩემს უფლებამოსილების შეჩერებას, თუმცა სასამართლომ მათი მოთხოვნა არ დააკმაყოფილა", - განაცხადა დავით ქევხიშვილმა და აღნიშნა, რომ ჯერ არ გადაუწყვეტია, დარჩება თუ არა პოლიტიკაში.

ყვარლის საკრებულომ გამგებელი დავით ქევხიშვილი თანამდებობიდან 25 აპრილს გაათავისუფლა. იქამდე, რამდენიმე საათით ადრე, სამართალდამცავებმა ქევხიშვილი წვრილმანი ხულგნობისთვის დააკავეს და მას ბრალი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით წაუყენეს. მასთან ერთად დააკავეს სამი სოფლის რწმუნებული და ქართული ოცნების აქტივისტები. გურჯაანის სასამართლომ ქევხიშვილს 100-ლარიანი, ხოლო მასთან ერთად დაკავებულებს 400-ლარიანი ჯარიმა დააკისრა.

დაკავების მიზეზი ქევხიშვილის მხარდამჭერების და ქართული ოცნების აქტივისტების მიერ ყვარლის საკრებულოს თავმჯდომარის კაბინეტის კარის აჭედვა გახდა. ისინი ყვარლის გამგებლის იმპიჩმენტის საკითხის განხილვას აპროტესტებდნენ. 

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის განცხადებით, მათ ფრაქციას მონაწილეობა არ მიუღია დავით ქევხიშვილის არც არჩევაში და არც მის წინააღმდეგ განვითარებულ მოვლენებში. როგორც ხატია დეკანოიძემ თქვა, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა არ მონაწილეობს "ყვარელში განვითარებულ სამარცხვინო და სამწუხარო მოვლენებში". მისი შეფასებით, ყვარელში, სახეზეა კლანებს შორის დაპირისპირების ტიპური სურათი.

კომენტარები