ყვარლის გამგებლის დაკავება

ყვარლის გამგებელს ბრალად წვრილმანი ხულიგნობა ედება

RFE/RL

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამცავებმა ყვარლის გამგებელი დავით ქევხიშვილი წვრილმანი ხულგნობისთვის დააკავეს და მას ბრალი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით ედება.

როგორც შსს-ში ტაბულას უთხრეს, რაც შეეხება ქევხიშვილთან ერთად დაკავებულ 17 პირს, მათ წვრილმან ხულიგნობასთან ერთად, პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობასაც ედავებიან. შესაბამისად, ორი სოფლის რწმუნებულს და ქართული ოცნების აქტივისტებს ბრალი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლით წაუყენეს.

დაკავებულები ყვარლის რაიონულ სამმართველოში იმყოფებიან. პროცესი გურჯაანის რაიონულ სასამართლოში დღეს გაიმართება.

ყვარლის გამგებლის, სოფლის რწმუნებულების და ქართული ოცნების აქტივისტების დაკავების მიზეზი მათი მხრიდან ყვარლის საკრებულოს თავმჯდომარის კაბინეტის კარის აჭედვა გახდა. ამასთან, ქართული ოცნების მხარდამჭერები ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრს თამაზ გუგუშვილს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ და კვერცხები ესროლეს. 

ცნობისთვის, დღეს საკრებულოს სხდომა უნდა გაიმართოს, სადაც გამგებლის დავით ქევხიშვილის იმპიჩმენტის საკითხი უნდა დადგეს. გამგებლის გადაყენების საკითხი გუშინაც განიხილეს, რასაც ქევხიშვილის მხარდამჭერების და ქართული ოცნების აქტივისტების მხრიდან ხმაური მოჰყვა და სხდომა ჩაიშალა. მათი თქმით, "ნაციონალებმა ქართული ოცნების ქურქი გადაიცვეს" და "პოლიცია ისევ ნაციონალების ინტერესებს იცავს". ერთ-ერთი აქტივისტის განცხადებით კი, პროცესს შს მინისტრის მოადგილე გიორგი ზედელაშვილი მართავს, "რომელსაც ყვარელში დიდი ინტერესები აქვს".

კომენტარები