ყვარლის გამგებლის დაკავება

ენმ: ყვარელში სახეზეა კლანებს შორის დაპირისპირების ტიპური სურათი

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის განცხადებით, მათ ფრაქციას მონაწილეობა არ მიუღია ყვარლის გამგებლის დავით ქევხიშვილის არც არჩევაში და არც მის წინააღმდეგ განვითარებულ მოვლენებში. როგორც დღევანდელ ბრიფინგზე ხატია დეკანოიძემ თქვა, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა არ მონაწილეობს "ყვარელში განვითარებულ სამარცხვინო და სამწუხარო მოვლენებში". მისი შეფასებით, ყვარელში, სახეზეა კლანებს შორის დაპირისპირების ტიპური სურათი.

"ერთმანეთს დაუპირისპირდნენ ერთი მხრივ, ყვარლის გამგებელი და მეორე მხრივ, შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე, ყვარლის რაიონის მცხოვრები გიორგი ზედელაშვილი", - თქვა დეკანოიძემ და აღნიშნა, რომ სამწუხაროდ, ქართული ოცნება პრობლემების მოგვარების, ხალხის კეთილდღეობაზე ზრუნვისა და თავისივე საარჩევნო დაპირებების შესრულების სანაცვლოდ, დაკავებულია ურთიერთკინკლაობით და საკუთარი კლანური ინტერესების ასრულებით.

"გუშინ ქართული ოცნების ორი ფრთის ურთიერთდაპირისპირების შედეგად, ჩაიშალა ყვარლის საკრებულოს სხდომა, რასაც მოჰყვა ყვარლის გამგებლისა და ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტის დავით ქევხიშვილის მომხრე და მოწინააღმდეგე კოალიცია ქართული ოცნების აქტივისტების ფიზიკური დაპირისპირება. დღეს დილით გავრცელდა ინფორმაცია, რომ დაკავებულია დავით ქევხიშვილი და ინციდენტში მონაწილე პირები. ამავე დროს, ამ წუთებში ყვარლის მუნიციპალიტეტის შენობაში და შენობის გარეთაც პოლიციაა მობილიზებული. დღეს საკრებულოს სხდომა უნდა გაიმართოს, სადაც გამგებელ დავით ქევხიშვილის იმპიჩმენტის საკითხი უნდა დადგეს. არსებული ინფორმაციით, სამართალდამცავებს რამდენიმე საათის განმავლობაში დაკავებული ჰქონდათ გამგებლის კაბინეტი და მოქალაქეებს შესვლის საშუალებას არ აძლევდნენ. საპასუხოდ, ქევხიშვილის მხარდამჭერებმა ყვარლის საკრებულოს თავმჯდომარის, ასევე ქართული ოცნების წევრის, ზაზა ლომიძის კაბინეტის კარი აჭედეს. სახეზე გვაქვს რაიონში არსებული კლანებს შორის დაპირისპირების ტიპური სურათი - ერთი მხრივ, ყვარლის გამგებლისა და ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტი და, მეორე მხრივ, შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე, ყვარლის რაიონის მცხოვრები გიორგი ზედელაშვილი. ასეთი სურათი დამახასიათებელი იყო 90-იანი წლების საქართველოსთვის - რასაც შეიძლება მძიმე შედეგები მოჰყვეს არა მარტო რაიონისთვის, არამედ მთლიანად ქვეყნისთვის", - აცხადებს ერთიანი ნაციონალური მოძრაობა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამცავებმა ყვარლის გამგებელი დავით ქევხიშვილი წვრილმანი ხულგნობისთვის დააკავეს და მას ბრალი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით ედება.

როგორც შსს-ში ტაბულას უთხრეს, რაც შეეხება ქევხიშვილთან ერთად დაკავებულ 17 პირს, მათ წვრილმან ხულიგნობასთან ერთად, პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობასაც ედავებიან. შესაბამისად, ორი სოფლის რწმუნებულს და ქართული ოცნების აქტივისტებს ბრალი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლით წაუყენეს.

დაკავებულები ყვარლის რაიონულ სამმართველოში იმყოფებიან. პროცესი გურჯაანის რაიონულ სასამართლოში დღეს გაიმართება.

კომენტარები