ყვარლის გამგებლის დაკავება

ყვარლის საკრებულომ გამგებელი დავით ქევხიშვილი თანამდებობიდან გაათავისუფლა

ყვარლის საკრებულომ დახურულ სხდომაზე გამგებელი დავით ქევხიშვილი თანამდებობიდან გაათავისუფლა.

გამგებლის მოვალეობას მისი მოადგილე მალხაზ ხიზანიშვილი შეასრულებს.

პარალელურად, გურჯაანის რაიონულ სასამართლოში დავით ქევხიშვილის და მასთან ერთად დაკავებული 17 პირის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.

სამართალდამცავებმა ყვარლის გამგებელი დავით ქევხიშვილი წვრილმანი ხულგნობისთვის დააკავეს და მას ბრალი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით ედება.როგორც შსს-ში ტაბულას უთხრეს, რაც შეეხება ქევხიშვილთან ერთად დაკავებულ 17 პირს, მათ წვრილმან ხულიგნობასთან ერთად, პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობასაც ედავებიან. შესაბამისად, ორი სოფლის რწმუნებულს და ქართული ოცნების აქტივისტებს ბრალი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლით წაუყენეს.

დაკავების მიზეზი ქევხიშვილის მხარდამჭერების და ქართული ოცნების აქტივისტების მიერ ყვარლის საკრებულოს თავმჯდომარის კაბინეტის კარის აჭედვა გახდა. ამასთან, ქართული ოცნების მხარდამჭერები ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრს თამაზ გუგუშვილს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ და კვერცხები ესროლეს.  ქევხიშვილის მხარდამჭერებმა და ქართული ოცნების აქტივისტების ნაწილმა საკრებულოს სხდომა, სადფაც გამგებლის გადაყენების საკითხს განიხილავდნენ, გუშინ ჩაშალეს. მათი თქმით, "ნაციონალებმა ქართული ოცნების ქურქი გადაიცვეს" და "პოლიცია ისევ ნაციონალების ინტერესებს იცავს". ერთ-ერთი აქტივისტის განცხადებით კი, პროცესს შს მინისტრის მოადგილე გიორგი ზედელაშვილი მართავს, "რომელსაც ყვარელში დიდი ინტერესები აქვს"

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის განცხადებით კი, მათ ფრაქციას მონაწილეობა არ მიუღია დავით ქევხიშვილის არც არჩევაში და არც მის წინააღმდეგ განვითარებულ მოვლენებში. როგორც დღევანდელ ბრიფინგზე ხატია დეკანოიძემ თქვა, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა არ მონაწილეობს "ყვარელში განვითარებულ სამარცხვინო და სამწუხარო მოვლენებში". მისი შეფასებით, ყვარელში, სახეზეა კლანებს შორის დაპირისპირების ტიპური სურათი.

ერთმანეთს დაუპირისპირდნენ ერთი მხრივ, ყვარლის გამგებელი და მეორე მხრივ, შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე, ყვარლის რაიონის მცხოვრები გიორგი ზედელაშვილი" - თქვა დეკანოიძემ 

კომენტარები