სასჯელაღსრულების დეპარტამენტი

ენმ: სად-ის ხელმძღვანელობამ დეკემბრის მაღალი ხელფასი დეკლარაციაში არ მიუთითა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის განცხადებით, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარისა და მისი მოადგილეების მიერ შევსებული ფინანსური დეკლარაციები 2013 წლის 20 დეკემბერს მიღებულ მაღალ ხელფასებს არ მოიცავს. საპარლამენტო უმცირესობის წევრი ირმა ნადირაშვილმა დღევანდელ ბრიფინგზე თქვა, "სახეზეა კიდევ ერთი კორუფფციული, ჯგუფური დანაშაულის ფაქტი". ენმ სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარის დიმიტრი დარბაისელის თანამდებობიდან გადადგომას და ამ საკითხებთან დაკავშირებით გამოძიების დაწყებას ითხოვს.

ირმა ნადირაშვილის განცხადებით, სად-ის თავმჯდომარემ დიმიტრი დარბაისელმა დეკლარაცია 2014 წლის 5 მარტს შეავსო და დოკუმენტი 2013 პირველი იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით მიღებულ შემოსავალს მოიცავს. დარბაისელს შემოსავლის წყაროდ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტრო საერთოდ არ აქვს მითითებული, თუმცა, ენმ-ის ცნობით, მან მხოლოდ 2013 წლის დეკემბერში ხელფასის სახით 18,222.50 ლარი მიიღო.

სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილის ვლადიმერ ბუნტურიძის დეკლარაცია 2014 წლის 8 მარტს არის შევსებული. მას სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროსგან მიღებულ შემოსავალში უწერია 2 670.00 ლარი. თუმცა, ნაციონალური მოძრაობის ინფორმაციით, ბუნტურიძემ მხოლოდ 2013 წლის დეკემბერში აიღო 38,390.89 ლარი.

"გოგი გახარია - საქვეუწყებო დაწესებულების სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე - დეკლარაცია შევსებულია 2014 წლის 13 მარტს და მოიცავს 2013 პირველი იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით მიღებული შემოსავალს. საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროსგან მიღებულ შემოსავალში წერია 2 125.95 ლარი. მხოლოდ 2013 წლის დეკემბერში მიღებული აქვს 39,130.34 ლარი. 

სიმონ მაჩაიძე - საქვეუწყებო დაწესებულების სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე - დეკლარაცია შევსებულია 2014 წლის 14 თებერვალს და მოიცავს 2013 პირველი იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით მიღებულ შემოსავალს. საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროსგან მიღებულ შემოსავალში წერია 2 175.61 ლარი. მხოლოდ 2013 წლის დეკემბერში მიღებული აქვს 38,733.56 ლარი. 

შალვა ტორაძე - საქვეუწყებო დაწესებულების სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე - დეკლარაცია შევსებულია 2014 წლის 13 მარტს და მოიცავს 2013 პირველი იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით მიღებულ შემოსავალს. საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტრო მიღებულ შემოსავალში წერია 3 7780.00 ლარი. მხოლოდ 2013 წლის დეკემბერში მიღებული აქვს 31,263.77 ლარი" - აცხადებს ირმა ნადირაშვილი. 

ცნობისთვის, ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ 2013 წლის დეკემბერში აღებული ხელფასების შესახებ ინფორმაცია 10 მაისს გაავრცელა. ამასთან, ნადირაშვილის თქმით, "ხელფასები გაცემულია 20 დეკემბერს, ხოლო 17 დეკემბერს ოთარ ფარცხალაძემ ვანო მერაბიშვილი საკნიდან გაიყვანა". საპარლამენტო უმცირესობის წევრს ეჭვი აქვს, რომ მაღალი ხელფასებით სად-ის თანამშრომლების დუმილი იყიდეს.

კომენტარები