სასჯელაღსრულების დეპარტამენტი

სუბარი: სად-ის პრემიების საკითხი დიმიტრი დარბაისელს ჩემთან არ შეუთანხმებია

საქართველოს სასჯელაღსრულების მინისტრის სოზარ სუბარის განცხადებით, 2013 წლის დეკემბრის თვეში სასჯელაღსრულების დეპარტამენტში გაცემული პრემიები აბსოლუტურად დაუსაბუთებელი და გაუმართლებელი იყო. როგორც სუბარმა მთავრობის დღევანდელი სხდომის შემდეგ თქვა, ეს საკითხი მინისტრთან შეთანხმებული არ ყოფილა.

"აბსოლუტურად დაუსაბუთებელი და გაუმართლებელი იყო ის პრემიები, რომლებიც გაიცა სასჯელაღსრულების დეპარტამენტში. ზოგადად ეს დეპარტამენტი არის საქვეუწყებო დაწესებულება, რაც ნიშნავს, რომ მას აქვს დამოუკიდებელი ბიუჯეტი, თავისი საბიუჯეტო კოდი და დეპარტამენტის თავმჯდომარე თვითონ გასცემს ამ პრემიებს. სასჯელაღსრულების დეპარტამენტის პრემიების ეს საკითხი ჩემთან შეთანხმებული არ ყოფილა. ზოგადად გაუმართლებელია ამის გაკეთება მინისტრთან შეთანხმების გარეშე, რასაც ითვალისწინებს კიდეც შიდა რეგულაციები და არა კანონი, მაგრამ შეთანხმება რომ არც სჭირდებოდეს, ეს ყოვლად გაუმართლებელია. ამაზე მქონდა ძალიან მკაცრი რეაგირება მაშინვე და ძალიან მკაცრად მოვთხოვე პასუხი დეპარტამენტის უფროსს. დიმიტრი დარბაისელის მოტივაცია იყო, რომ წლის ბოლოა, ფული დარჩენილია და გაანაწილეს იმიტომ, რომ ურთულესი სამუშაო ჩაიბარეს და ურთულეს სისტემასა და პირობებში უხდებოდათ მუშაობა, თუმცა მე ამის გამართლებას ვერ ვხედავ, ვერ ხედავს მთავრობის ვერც ერთი სხვა წევრი და ვერც პრემიერი, ბუნებრივია. იმის გამო, რომ ეს იყო 1,5 თვის წინ მოსული ახალი გუნდი და მესამე ცვლილება მოხდა დეპარტამენტის, იმ ეტაპზე სხვა გადაწყვეტილება არ მიგვიღია, გარდა მკაცრი გაფრთხილებებისა", – განაცხადა სუბარმა და აღნიშნა, რომ დიმიტრი დარბაისელის მიერ განხორციელებულ საკადრო პოლიტიკაზე მას კითხვები ჰქონდა.

"ძალიან ბევრი კითხვა მეც მქონდა იმ საკადრო გადაწყვეტილებებთან, რასაც დარბაისიელი აკეთებდა. არა იმის გამო, რომ კანონდარღვევა იყო, არამედ, პირადად ჩემთვის იქ იყო ზოგიერთი ისეთი პიროვნება და ბევრი შეიძლება დღესაც რჩება, რომლის დანიშვნაც მორალურად იყო მიუღებელი. ორი მათგანი დღეს გათავისუფლებულია. კადრების შერჩევა არის დეპარტამენტის უფროსის პრეროგატივა და მისი უფლებაა კადრების შერჩევა. შეთანხმება გვქონდა ასეთი, რომ თუ მას ჰქონდა ეს მისია მინდობილი, რომ სიტუაცია დალაგებულიყო, მაშინ უნდა ჰქონოდა გარკვეული თავისუფლება საკადრო გადაწყვეტილებებში. ამის მიუხედავად, ბევრი საკადრო გადაწყვეტილება ჩემთვის მიუღებელი იყო", - თქვა სუბარმა და დააზუსტა, რომ სამსახურიდან გაათავისუფლა სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თანამშრომელი გიორგი ყავლაშვილი და ბათუმის ციხის დირექტორი.

“რაც შეეხება დიმიტრი დარბაისელის თუ ჩემს საკითხს, ზოგადად გეტყვით, რომ შეუცვლელი არავინ არის და თუ როდესმე დადგება დღის წესრიგში საკადრო ცვლილებები, ეს მოხდება”, - აღნიშნა სუბარმა.

ცნობისთვის, ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ 2013 წლის დეკემბერში აღებული მაღალი ხელფასების შესახებ ინფორმაცია 10 მაისს გაავრცელა. დეპუტატ ირმა ნადირაშვილის თქმით, "ხელფასები გაცემულია 20 დეკემბერს, ხოლო 17 დეკემბერს ოთარ ფარცხალაძემ ვანო მერაბიშვილი საკნიდან გაიყვანა". საპარლამენტო უმცირესობის წევრს ეჭვი აქვს, რომ მაღალი ხელფასებით სად-ის თანამშრომლების დუმილი იყიდეს. ამასთან, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის განცხადებით, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარისა და მისი მოადგილეების მიერ შევსებული ფინანსური დეკლარაციები 2013 წლის 20 დეკემბერს მიღებულ მაღალ ხელფასებს არ მოიცავს. 

კომენტარები