საქართველოს საპატრიარქოს განცხადებით, სინოდის დღევანდელ სხდომასთან დაკავშირებით ცრუ ინფორმაცია ვრცელდება.
"ზოგიერთი პიროვნება და სააგენტო რამდენიმე დღეა, მასმედიისა და სოციალური ქსელების საშუალებით ავრცელებს ცრუ ინფორმაციას როგორც კათოლიკოს-პატრიარქთან დაკავშირებით, ისე 3 ივნისის წმიდა სინოდის სხდომის შესახებ. ისინი მიზანმიმართულად ცდილობენ საზოგადოების შეცდომაში შეყვანას, რაც ადრეც რამდენჯერმე განახორციელეს. განვმარტავთ, რომ ეს არის ჩვეულებრივი რიგითი სხდომა, რომელიც ყოველ წელს ორჯერ იმართება საქართველოს საპატრიარქოში", - აცხადებს საპატრიარქო.
დღეს საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდის სხდომა გაიმართება. სხდომა 12:00 საათზე დაიწყება და მას საქართველოს პატრიარქი ილია მეორე უხელმძღვანელებს. სხდომაზე განსახილველი საკითხები უცნობია. როგორც ცნობილია, ელიზბარ დიაკონიძემ განაცხადა, თითქოს სინოდის დღევანდელ სხდომაზე პატრიარქი პენსიაზე გავა. სწორედ ამ ინფორმაციას უარყოფს საპატრიარქო.