"4 წელი არ ვიქნები [რექტორი], უფრო მეტს ვაპირებ", - ასე უპასუხა თსუ-ის რექტორმა გია შარვაშიძემ აუდიტორია 115-ის სტუდენტის მიმართვას, რომ "თქვენ 4 წელი არ იქნებით რექტორი".
გია შარვაშიძე აუდიტორია 115-ის წევრებს ხვდება და მათ კითხვებს პასუხობს.
ცნობისთვის, აუდიტორია 115 გია შარვაშიძის რექტორად არჩევას აპროტესტებს. ასევე, ითხოვს რეფორმების გატარებას, მათ შორის, განათლების სისტემის ცვლილებას, თვითმმართველობის გაუქმებას და გადაუხდელობის გამო სტატუსშეჩერებული სტუდენტების სასწავლო პროცესში დაბრუნებას. ამის გამო, აუდიტორია 115-ის წევრებმა დღეს თბილისის მერს, განათლების მინისტრს და ახლადარჩეულ რექტორს სიტყვით გამოსვლის საშუალება არ მისცეს. ტაბულას კორესპონდენტის ცნობით, მინისტრები და უნივერსიტეტის ხელმძღვანელობა სტუდენტებისთვის ახალი სასწავლო წლის დაწყების მილოცვას აპირებდნენ, თუმცა, აუდიტორია 115-ის წევრები სცენაზე ავიდნენ, გამომსვლელებს მიკროფონები გამოართვეს და თავად მიესალმნენ პირველკურსელებს.
მოგვიანებით, თსუ-ის დაცვის სამსახურის უფროსმა გიორგი გორაშვილმა თქვა, რომ პოლიცია თავად გამოიძახა, რადგან ამის უფლება ჰქონდა.
აუდიტორია 115-ის წევრების მტკიცებით, პოლიციელების მხრიდან იყო ზეწოლა და სიტყვიერი შეურაცხყოფა. სტუდენტების თქმით, შეეზღუდათ უნივერსიტეტში შესვლა, რადგან მათ ჯერ დაცვის თანამშრომლები არ უშვებდნენ, შემდეგ კი, პოლიცია. სტუდენტების თქმით, მათ მხოლოდ ის სურდათ, რომ რექტორს სტუდენტებისთვის არ მიემართა.
განათლების მინისტრის ყოფილი მოადგილე გია შარვაშიძე თსუ-ის აკადემიურმა საბჭომ რექტორად 23 სექტემბერს აირჩია. შარვაშიძის თქმით, რექტორი ყველას მოსაწონი ვერ იქნება. ის გეგმავს, თსუ-ს "ძველი დიდება" დაუბრუნდეს.