მდინარაძე მუქარის წერილზე: გაჩნდა რაღაც ნაბეჭდი ფურცელი და მთელი აქცენტი გადავიდა ამაზე

parliament.ge

გაჩნდა რაღაც ფურცელი საქმეში, ნაბეჭდი და მთელი აქცენტი გადავიდა ამაზე - ასე გამოეხმაურა ქართული ოცნების თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე მუქარის წერილს, რომელიც მამუკა ხაზარაძის მტკიცებით, შს მინისტრმა, გიორგი გახარიამ გაუგზავნა.

მდინარაძე ამბობ, რომ TBC ბანკის საქმეზე საგამოძიებო კომისიის შექმნა არასერიოზულია.

"ეს ყველაფერი იღებს ძალიან არასერიოზულ სახეს, გამომდინარე იქიდან, რომ საუბარი მიდიოდა 17 მილიონი როგორ ისესხა ხაზარაძემ თავისი მეგობრისგან ისე, რომ იმ დღეს იყო "თიბისი ბანკიდან" ეს ფული გატანილი და მან არაფერი იცოდა. არის თუ არა ეს გათეთრება, როგორი რეაგირება გააკეთა გამოძიებამ და რა შედეგამდე მიდის, ამით უნდა დავინტერესებულიყავით და გაჩნდა რაღაც ფურცელი საქმეში, ნაბეჭდი და მთელი აქცენტი გადავიდა ამაზე. მე ვფიქრობ, რომ ეს იყო მცდელობა, რომ ერთი მხრივ, პოლიტიკურ ჭრილში გადასულიყო ეს ყველაფერი, მეორე მხრივ, ყურადღება სხვა თემაზე გადატანილიყო და ეს წარმატებით გამოვიდა, როგორც ვატყობ ამ დღეების განმავლობაში, აქედან გამომდინარე, ასეთი არგუმენტებით საგამოძიებო კომისიის შექმნა არის არასერიოზული",- ამბობს მდინარაძე. 

ცნობისთვის, თიბისი ბანკის საქმეზე საგამოძიებო კომისიის შექმნა პარლამენტში ევროპულმა საქართველომ მოითხოვა.

6 მარტს საქართველოს პროკურატურამ გაავრცელა თიბისი ბანკის დამფუძნებლის მიერ დაკითხვაზე წარდგენილი წერილი, სადაც ადრესატისგან ითხოვენ, რომ "TV1 უნდა დაჯდეს TV იმედის ტრენდზე", მამუკა ხაზარაძემ თქვას, რომ მისთვის მიუღებელია ნაციონალური მოძრაობის რევანში და "არტარეას უნდა დაეტყოს ობიექტურობის მაღალი ხარისხი". წერილში მითითებულია, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში გამოიყენებენ მათ ხელთ არსებულ სამართლებრივ და ობიექტურ საშუალებას და ამას გააკეთებენ საჯაროს, შიდა და საერთაშორისო მომხმარებლებისთვის. მამუკა ხაზარაძის თქმით, სწორედ ეს წერილი გაუგზავნა მას შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ. მან აღნიშნა, რომ დაკითხვაზე დოკუმენტის ასლი წარმოადგინა და დედანი ლონდონში, ექსპერტიზაზეა გაგზავნილი.

კომენტარები