დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრი საქართველოში ახალ კორონავირუსთან დაკავშირებით სტატისტიკურ მონაცემებს აქვეყნებს.
NCDC-ის ცნობით, ქვეყანაში ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა საშუალო ასაკი 42 წელია, მაქსიმალური - 88, მინიმალური კი - 9 თვე.
26 აპრილს გამოქვეყნებული ანალოგიური სტატისტიკის მიხედვით, მინიმალური ასაკი 2 წელი იყო.
ინფიცირებული ქალების რაოდენობა ინფიცირებული კაცების რაოდენობაზე 2%-ით მეტია.
რაც შეეხება ასაკობრივ კატეგორიებს, ინფიცირებულების ყველაზე მეტი,19%, 15-29 ასაკობრივ ჯგუფში აღირიცხა, მას მხოლოდ ერთი პროცენტით ჩამორჩება 30-39 და 50-59 ასაკობრივი ჯგუფები.
ამ დრომდე ჩატარებული ტესტირებების საერთო რაოდენობა 15 904-ს შეადგენს. 29 აპრილს ტესტირება 1 186 ადამიანს ჩაუტარდა.
2 მაისის ღამის მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსი 582 ადამიანს დაუდასტურდა, საიდანაც 207 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 8 ადამიანი კი - გარდაიცვალა. აქტიური 367 ინფიცირებულის გარდა, ქართულ კლინიკებში კიდევ 3 ადამიანი მკურნალობს, რომლებსაც ახალი კორონავირუსი სხვა ქვეყნებში დაუდასტურდათ და შემდეგ გადმოიყვანეს საქართველოში.