საარჩევნო შეთანხმება

კაპანაძე: მტკნარი სიცრუეა, რომ 8 მარტის შეთანხმება პოლიტპატიმრების საკითხს არ ეხება

ევროპული საქართველოს წევრი, სერგი კაპანაძე ქართული ოცნების ხელისუფლებას მოუწოდებს, 8 მარტის საარჩევნო შეთანხმება შეასრულონ.

2 მაისს ქართული ოცნების ერთ-ერთმა ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ თქვა, რომ "შეთანხმება პოლიტპატიმრებზე არ არის და ოპოზიცია საზოგადოებას ინფორმაციას უკუღმა აწვდის". მდინარაძის განცხადებით, შეთანხმება გულისხმობს, რომ ხელისუფლება არ უნდა ჩაერიოს მართლმსაჯულებაში.

კანაპაძის შეფასებით, მსგავსი განცხადებები მტკნარი სიცრუეა.

"შეთანხმება რომ არ იყოს, ასეთი განცხადებები არ გაკეთდებოდა ელჩების მხრიდან, არ დაგმობდნენ და შეშფოთებას არ გამოხატავდნენ, როცა ოქრუაშვილს პატიმრობა მიუსაჯეს, არ იქნებოდა ასეთი ინტერესი საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან.

ამიტომ, ნაცვლად იმისა, რომ ისაუბრონ, თითქოს პოლიტპატიმრებს არ ეხება, ჩემი მოწოდება იქნება, შეთანხმების თავისი ნაწილი შეასრულონ. ჩვენ ჩვენს ნაწილს ვასრულებთ.

ასეთ შემთხვევაში იქნება შესაძლებელი, რომ შევცვალოთ საარჩევნო სისტემა, გადავიდეთ ისეთ საკონსტიტუციო მოდელზე, რომელიც ხალხს აწყობს - 120/30-ზე და ამასთან ერთად, გათავისუფლდნენ პოლიტიკური პარტიები. მხოლოდ ამ შემთხვევაში მოხდება ურთიერთობების "ნორმალიზცია" და ნორმალური საარჩევნო პროცესის ჩატარება. სხვა შემთხვევაში, ის ძველი სტატუს კვო, როცა წერილს წერილზე იღებდნენ და ულმობელი კრიტიკა ისმოდა დასავლეთის მხრიდან, აღდგება, რაც არ მგონია, რომ იყოს ქართული ოცნების ან ბატონი ივანიშვილის ინტერესებში", - ამბობს სერგი კაპანაძე.

აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში ქართულ ოცნებას და ოპოზიციას შორის 8 მარტს ხელმოწერილი შეთანხება 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების 1%-იანი ბარიერით და მანდატების 120/30-ზე განაწილებას გულისხმობს, ასევე, პოლიტპატიმრების გათავისუფლებას. თუ რომელიმე კომპონენტი არ შესრულდება, შეთანხმება ჩაშლილად ითვლება.

რა წერია 8 მარტის შეთანხმებაში პოლიტპატიმრების შესახებ - წაიკითხეთ აქ.

კომენტარები