საარჩევნო შეთანხმება

კილაძე EU-ს დახმარებაზე: ენმ ცდილობს, დააზარალოს მოქალაქეები, შეწყვიტონ მავნე ქმედებები

ტაბულა

"რასაც ნაციონალური მოძრაობა აკეთებს, ეს არის არა ქართული ოცნების, არამედ ქართველი ხალხის წინააღმდეგ მიმართული ქმედებები," - ასე ეხმაურება მმართველი გუნდის დეპუტატი სოფო კილაძე ევროპარლამენტარ ანდრიუს კუბილიუსის განცხადებას, რომ საქართველოსთვის ევროკავშირისგან ფინანსური დახმარება გადაჯაჭვულია ნაკისრი ვალდებულებების შესრულებასთან - საარჩევნო სისტემასა და სამართლის უზენაესობასთან.

"ჩვენ შევასრულებთ ყველა ნაკისრ ვალდებულებას,  თუმცა ძალიან სამწუხაროა, რომ ნაციონალური მოძრაობა ცდილობს, დააზარალოს მოქალაქეები ... თუ საქართველო ვერ მიიღებს ამ დახმარებას, ეს აისახება თითოეულ იმ მოქალაქეზე, რომელიც ელოდება, რომ არ მოუწევს სიღარიბესთან მარტო დარჩენა", - ამბობს სოფო კილაძე საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით.

ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარის თქმით, "ნაკლებ რეალისტურია", რომ "ერთი ევროპარლამენტარის" განცხადებამ გავლენა იქონიოს ევროკავშირის დახმარების გადმორიცხვაზე.

"თუ ნაცმოძრაობის ქმედებებით ეს დახმარება ვერ იქნება მიღებული მოქალაქეების მიერ, ეს აისახება ჩვენი ქვეყნის განვითარებაზე და თითოეულ მოქალაქეზე, ამიტომ მოვუწოდებ ნაცმოძრაობას, შეწყვიტოს ეს მავნე ქმედებები ჩვენი ქვეყნისა და მოქალაქეების წინააღმდეგ", - ამბობს ის. 

ევროპარლამენტარმა, ლიტვის ყოფილმა პრემიერმინისტრმა ანდრიუს კუბილიუსმა ტვ პირველთან ინტერვიუში თქვა, რომ საქართველოს ხელისუფლება, 8 მარტის ხელშეკრულების არშესრულებით, რისკავს ევროკავშირის ნდობას და რწმენას, რწმენის დაკარგვა კი გამოიწვევს სხვა ყველაფერს, მათ შორის ფინანსური შესაძლებლობის გაქრობასაც.

კუბილიუსის თქმით, საარჩევნო შეთანხმება მხოლოდ პროპორციულ არჩევნებს არ გულისხმობს, გულისხმობს პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებასაც.

--------

ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის 2020 წლის 8 მარტს გაფორმებული შეთანხმება ორნაწილიანია, მოიცავს რა საარჩევნო სისტემის ცვლილებისა და პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლების საკითხებს.

თუმცა, მმართველი გუნდის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მოლაპარაკებებისას კონკრეტული პატიმრების გათავისუფლებაზე საუბარი არ ყოფილა და ამბობენ, რომ შეთანხმების საბოლოო ტექსტში არც ერთი გვარი არაა ნახსენები.

ამას მალევე მოჰყვა განცხადებები საქართველოს დასავლელი პარტნიორების მხრიდან - 7 მაისს ევროპარლამენტარმა, ლიტვის ყოფილმა პრემიერმინისტრმა ანდრიუს კუბილიუსმა წერილი მიწერა საქართველოს მთავრობის მაღალჩინოსნებს. წერილში ის ხელისუფლებას შეთანხმების შესრულებისკენ მოუწოდებდა და ხაზს უსვამდა, რომ "საქართველოს ხელისუფლებას ჯერ კიდევ მისაღწევი აქვს პროგრესისთვის იმ ქმედებების კუთხით, რომლებიც შეიძლება იყოს აღქმული, როგორც საქართველოს სასამართლო და საარჩევნო პროცესის არასათანადო პოლიტიზაცია".

11 მაისს წერილი გაავრცელეს შუამავლებმა. აშშ-ის საელჩოს განცხადებაში ნათქვამი იყო, რომ შეთანხმების ნაწილი იმ საკითხებზეა, რაც სასამართლოში პოლიტიკურ ჩარევას ჰგავს. განცხადებას იზიარებდნენ სხვა დასავლელი პარტნიორებიც.

იმავე დღეს აშშ-ის კონგრესში საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის თანათავმჯდომარემ, ადამ კინზინგერმა აშშ-ის საელჩოს განცხადება გააზიარა და დაწერა, რომ "გადამწყვეტი მნიშვნელობისაა შეთანხმების იმპლემენტაცია".

12 მაისს აშშ-ის სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ჯეიმს რიშმა დაწერა, რომ ელის "საქართველოს პოლიტიკური პარტიებისგან მარტის შეთანხმების სრულად შესრულებას, პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლების და ახალი საარჩევნო სისტემისკენ წინსვლის ჩათვლით".

13 მაისს გერმანელმა ევროპარლამენტარმა, მიხაელ გალერმა დაწერა, რომ საქართველოს დასავლელი პარტნიორები პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებას ელიან:

"[ქართული ოცნება] ბედს სცდის, ელოდებიან თუ არა საქართველოს დასავლელი მეგობრები პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებასაც. ელოდებიან. ეს აუცილებელია, თუ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები უნდა ჩატარდეს".

ასევე 13 მაისს ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეაში ევროპარლამენტის დელეგაციის თავმჯდომარემ, ანდრიუს კუბილიუსმა თქვა, რომ საქართველო ევროკავშირიდან და სხვა პარტნიორებიდან ახალი კორონავირუსის კრიზისთან გასამკლავებლად 500 000 000 ევროზე მეტს მიიღებს. თუმცა, ამ დახმარების საკვანძო კომპონენტი გადაჯაჭვულია საქართველოს მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულებასთან, განსაკუთრებით კი საარჩევნო სისტემასა და სამართლის უზენაესობასთან.

კომენტარები