ბელარუსის საპრეზიდენტო არჩევნები

ლუკაშენკოს შეფასებით, ბელარუსში საპრეზიდენტო არჩევნებმა დღესასწაულივით ჩაიარა

ორშაბათს ალექსანდრ ლუკაშენკო დსთ-ს აღმასრულებელი კომიტეტის წარმომადგენელს და დსთ-ს სადამკვირვებლო მისიის თავმჯდომარეს, სერგეი ლებედევს შეხვდა. ლებედევთან საუბრისას ლუკაშენკომ 9 აგვისტოს ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნები შეაფასა. 

საარჩევნო უბნებზე ამომრჩევლების მაღალ აქტიურობაზე საუბრისას, პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ არჩევნები იყო დღესასწაული. ლუკაშენკოს განმარტებით, ვიღაცას ამ დღესასწაულის ჩაშლა უნდოდა და ისინი გამოაშკარავდნენ. პრეზიდენტის განცხადებით, ბელარუსი "ცხვრებით" უცხოური ძალები მანიპულირებდნენ. ლუკაშენკოს თანახმად, ჩეხეთიდან, უკრაინიდან, პოლონეთიდან და რუსეთიდან ცდილობენ ჩაერიონ ბელარუსში მიმდინარე პროცესებში.

ლუკაშენკომ განაცხადა, რომ არ დაუშვებდა "ქვეყნის გახლეჩას" და არეულობაზე შესაბამისი პასუხი იქნებოდა გაცემული.

ბელარუსის ცენტრალური საარჩევნო კომისიის პირველადი მონაცემების მიხედვით, ქვეყნის მოქმედმა პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ ხმების 80.23% მიიღო. მისმა მთავარმა ოპონენტმა, სვეტლანა ტიხანოვსკაიამ ხმების 9.9% მოიპოვა. 

ვითარება რადიკალურად განსხვავებულია საზღვარგარეთ გახსნილ საარჩევნო ოლქებზე, რომლებშიც სვეტლანა ტიხანოვსკაია 80-90%-ით, უპირობოდ იმარჯვებს. პარალელურად, ვრცელდება არაოფიციალური, პარალელური დათვლების მონაცემები, რომლებშიც ასევე, დამაჯერებლად, ტიხანოვსკაია ლიდერობს.

ბელარუსის პრეზიდენტობის კანდიდატმა, სვეტლანა ტიხანოვსკაიამ განაცხადა, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში თავს გამარჯვებულად თვლის. ტიხანოვსკაიას განცხადებით, მის შტაბს აქვს ხმების დათვლის ალტერნატიული მონაცემები და მისი გუნდი აპირებს ყველა დარღვევის დამტკიცებას.

მოსახლეობა ხელისუფლებას არჩევნების გაყალბებაში ადანაშაულებს. მინსკსა და ბელარუსის სხვა დიდ ქალაქებში მასშტაბური საპროტესტო აქციები გაიმართა.

ბელარუსის შსს-ს ინფორმაციით, აქციების დროს დაშავდა პოლიციის 39 თანამშრომელი და 50-ზე მეტი სამოქალაქო პირი. პროტესტის დროს დააკავეს 3000-ზე მეტი ადამიანი, მათგან დაახლოებით 1000 მინსკში, დანარჩენები კი ბელარუსის ოცდაათამდე სხვა ქალაქში.

პოლიციამ აქციების დასაშლელად ცრემლსადენი გაზი, ხმოვანი ყუმბარები, წყლის ჭავლი და რეზინის ტყვიები გამოიყენა.

კომენტარები