არჩევნები 2020

კაპანაძე თალაკვაძის ინიციატივაზე: ამომრჩევლის იძულება და დაშინება ისედაც ისჯებოდა

ევროპული საქართველო

"ფიცი მწამს ბოლო მაკვირვებს, ეს ყველაფერი ისედაც დასჯადი იყო და როგორც ჩანს საერთაშორისო დამკვირვებლებთან უნდათ თეთრი და ფუმფულა". – ასე გამოეხმაურა ევროპული საქართველოს საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი, სერგი კაპანაძე არჩილ თალაკვაძის ინიციატივას, რომლითაც პარლამენტის თავმჯდომარემ მოითხოვა, ამომრჩევლის მოსყიდვა და იძულება სისხლის სამართლის კოდექსით დაისაჯოს.

კაპანაძის თქმით, შეზღუდვები საარჩევნო კოდექსში უკვე არსებობს, ხოლო ამგვარი ცვლილებით ქართული ოცნება ცდილობს, საერთაშორისო დამკვირვებლებს მოაჩვენოს, თითქოს ხელისუფლება ამომრჩეველზე რაიმე ტიპის გავლენას შეზღუდავს.

მისივე განცხადებით, არსებული შეზღუდვები არ მოქმედებს ქართული ოცნებასა და მასთან დაახლოებულ პირებზე და ამის მრავალი მაგალითი უკვე არსებობს.

„აი ამ ინიციატივაზე ითქმევა ზუსტად, ფიცი მწამს ბოლო მაკვირვებს, ეს ყველაფერი ისედაც დასჯადი იყო და როგორც ჩანს უნდა გამოჩნდნენ თეთრი და ფუმფულა საერთაშორისო დამკვირვებლებთან, რომ აი, თურმე კანონში შეაქვთ ცვლილება. მთავარი პრობლემა არის, თუ ამ კანონის შემდეგ როგორ ასრულებენ და ვის მიმართ ასრულებენ. აქამდე არცერთი შემთხვევა არ ყოფილა, რომ ქართული ოცნების მიერ დაშინებული, მოსყიდული ან ამომრჩევლის იძულების გამო მომხდარი რაიმე ფაქტი დასჯილიყო. არცერთი შემთხვევა არ ყოფილა, რომ რომელიმე საჯარო მოხელე, ან ქართული ოცნების თანამდებობის პირი ყოფილიყო დასჯილი. ჩვენ გვახსოვს ისეთი დიდი საქმეები, როგორებიცაა, მაგალითად ია კერზაიას საქმე, როგორიცაა ძალადობა წინასაარჩევნო პერიოდში და არავინ დასჯილა. ალბათ, არც ახლა იზამენ ამას, დარწმუნებული ვარ ამაში, იმიტომ, რომ ეს არის უბრალოდ თვალში ნაცრის შეყრა, რომ რაღაცის გაკეთება ვითომ უნდათ და აპირებენ. რეალური პრობლემა იქნება ამის შემდეგში აღსრულება და ამას ნამდვილად არ აღასრულებენ". – განაცხადა სერგი კაპანაძემ.

კომენტარები