გირჩი

ხაჩიძე: პარტიიდან უნდა წავიდნენ მეგრელიშვილი და ხვიჩია

გირჩის ერთ-ერთი დამფუძნებელი, გოგა ხაჩიძე მიიჩნევს, რომ შექმნილ ვითარებაში პარტიიდან ვახტანგ მეგრელიშვილი და იაგო ხვიჩია უნდა წავიდნენ.

ამის შესახებ ხაჩიძემ პარტიის ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის პოსტის საპასუხოდ მედიასთან ისაუბრა. ჯაფარიძე წერდა, რომ, ერთი მხრივ, მისი და, მეორე მხრივ, ვახო მეგრელიშვილისა და იაგო ხვიჩიას თანამშრომლობა შეწყდა. 

გოგა ხაჩიძე პარტიაში დაპირისპირების გამწვავებას იაგო ხვიჩიას მიერ 5 დღის წინ გაკეთებულ განცხადებას უკავშირებს, თუმცა, ამბობს, რომ შინაარსში არ შედის და მთავარი პრობლემა ისაა, რომ ეს პირველად არ ხდება. 

"ამ შემთხვევაში აქ არ არის მნიშვნელოვანი შინაარსი. როცა ხარ პარტიის თავმჯდომარე, თვითგამოცხადებული CEO, ა.შ. და ა.შ. და ასეთ დროს, ასე ორსიტყვიან და ასეთ რამეს აკეთებ უკვე არაერთგზის, რაც იწვევს იმას, რომ ათასობით ადამიანი, რომელიც წავიდა და კორონიან ქვეყანაში ხმა მოგცა შენ, გამოდის და გლანძღავს, იქ უკვე მნიშვნელობა აღარ აქვს ღრმა ლიბერტარიანულ მსჯელობაში ვინ შევა". – თქვა გოგა ხაჩიძემ. 

გირჩის დამფუძნებლის თქმით, როდესაც ხარ პოლიტიკოსი, საჯარო ფიგურა და ამხელა პასუხისმგებლობა გაქვს პარტიისა და მხარდამჭერების წინაშე, ასეთი რამეები არ უნდა ხდებოდეს. 

"მე პირადად, როგორც გირჩის დამფუძნებელი, მხარდამჭერი და ის ადამიანი, რომელიც ახლაც ბევრ რამეს ვაკეთებ გირჩისთვის, ბევრჯერ ვყოფილვარ აღშფოთებული იმით, რომ ვიღაც შეიძლება ამბობდეს სიმართლეს, მაგრამ უდროოდ, უტაქტოდ, უზრდელურად, უადგილოდ, უფრომოდ და ამაზე მერე თავს ვიმართლებთ მხარდამჭერებთან, შინაურებთან, ახლობლებთან, ნათესავებთან". – ამბობს გოგა ხაჩიძე. 

ის, თუ რა წესით გადაწყდება, ვინ უნდა დატოვოს პარტია და ვინ დარჩეს, გირჩის დამფუძნებლის თქმით, დისკუსიის საგანი იქნება და რამდენიმე გზა არსებობს, მათ შორის მხარდამჭერებისთვის კითხვა. 

"რა თქმა უნდა, მე ვფიქრობ, რომ გირჩიდან უნდა წავიდეს, იაგო ხვიჩია, ვახო მეგრელიშვილი და კიდევ ყველა ის ადამიანი, ვინც ამას არ ეთანხმება". – თქვა გოგა ხაჩიძემ. 

მედიისთვის კომენტარის მიცემამდე გოგა ხაჩიძემ ზურაბ ჯაფარიძეს მხარდაჭერა Facebook-ზეც გამოუცხადა

ზურაბ ჯაფარიძის ამ პოსტს წინ უძღოდა იაგო ხვიჩიას გუშინდელი Facebook-პოსტი, სადაც ის წერდა – "გირჩში არის ხალხი, რომელიც ფიქრობს, რომ გირჩი ერთკაციანი პარტიაა და ასეთად უნდა დარჩეს. ეს ხალხი გირჩში მხოლოდ ჯაფარას აღიარებს და დანარჩენს, სადაც შანსი აქვს, ლანძღავს".

29 ნოემბერს იაგო ხვიჩია შს სამინისტროს მიერ იმ პირის დაკავებას გამოეხმაურა, რომელსაც ბრალად ედება წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის გამოსახულების შემცველი პორნოგრაფიის შეძენა, შენახვა, ფლობა და სარგებლობა. მისი მწვავე კრიტიკა მისსავე განცხადებას მოჰყვა.

"ანუ?" - დაწერა ხვიჩიამ - "პორნო გადმოწერა, დაასეივა, ერთხელაც გადაწყვიტა ესარგებლა და დაიჭირეს? სულ გააფრინეს".

კომენტარები