აშშ-ჩინეთი

აშშ ჩინეთის კომპარტიის მაღალჩინოსნებს დამატებით სავიზო შეზღუდვებს უწესებს

მაიკ პომპეო
US Embassy in El Salvador

აშშ-მ ჩინეთის კომუნისტური პარტიის მაღალჩინოსნებს, ადამიანის უფლებების დარღვევისთვის, დამატებით სავიზო შეზღუდვები დაუწესა

აშშ-ს სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს, თქმით, ისინი ეჭვმიტანილები არიან რელიგიის მიმდევრების, ეთნიკური უმცირესობების, დისიდენტების, უფლებათადამცველების, ჟურნალისტების, მშვიდობიანი აქტივისტებისა და სხვათა რეპრესიებზე

მისი თქმით, ჩინეთის ავტორიტარი მმართველები დრაკონულ შეზღუდვებს აწესებენ ჩინელი ხალხის გამოხატვის, რელიგიის ან რწმენის, მშვიდობიანი შეკრების უფლების თავისუფლებაზე.

"შეერთებული შტატები ნათლად ამბობს, რომ ადამიანის უფლებათა მსგავსი დარღვევები ჩვენს ქვეყანაში არ არის მისასალმებელი". – თქვა მან. 

აღსანიშნავია, რომ 18 დეკემბერს ვაშინგტონმა ვაჭრობის შავ სიაში შეიყვანა ათობით ჩინური კომპანია, მათ შორის წამყვანი ჩიპების მწარმოებელი Semiconductor Manufacturing International Corp და დრონების მწარმოებელი SZ DJI Technology Co Ltd.

ასევე, 21 დეკემბერს აშშ-ს შინაგანი უსაფრთხოების დეპარტამენტის უფროსმა, ჩედ ვოლფმა თქვა, რომ ის ჩინეთზე მომავალი შეზღუდვების დაწესებას განიხილავს, რომელსაც მან შეერთებული შტატებისთვის მუდმივად მზარდი საფრთხე უწოდა.

ვოლფის თქმით, ეს მოიცავს ჩინეთის კომუნისტური პარტიის წევრებზე სავიზო შეზღუდვებს და იძულებითი შრომით წარმოებული საქონლის უფრო ფართო აკრძალვას. მისი თქმით, შინაგანი უსაფრთხოების დეპარტამენტი ასევე განიხილავს ჩინეთის ტელევიზორის მწარმოებელი TCL Electronics Holdings-ის საქმიანობას. TCL მსოფლიოში ტელევიზორების მესამე ყველაზე მსხვილი მწარმოებელია. 

მან ასევე დააანონსა, რომ შინაგანი უსაფრთხოების დეპარტამენტი მალე გამოაქვეყნებს "ჩინეთის კომუნისტური პარტიის შეწინააღმდეგების სტრატეგიულ სამოქმედო გეგმას", რომელიც ემყარება ტრამპის 2017 წლის ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიასა და 2020 წლის დოკუმენტს, რომელიც ასახავს აშშ-ს სტრატეგიულ მიდგომას პეკინთან.

შგეახსენებთ, რომ 3 დეკემბერს აშშ-მ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მმართველი კომუნისტური პარტიის წევრებსა და მათი ოჯახის წევრებს სამოგზაურო წესები გაუმკაცრა

ამავე დღეს აშშ-მ ჩინეთის სინძიანგის პროვინციაში არსებული ნახევრად სამხედრო ორგანიზაციიდან - Xinjiang Production and Construction Corps (XPCC) ბამბის იმპორტი დატყვევებული უიღური მუსლიმების იძულებითი შრომის გამო აკრძალა. ჩინეთი ასობით ათას უიღურს და სხვა ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებს ბამბის პლანტაციებში იძულებით ამუშავებენ. ამის შესახებ ამერიკული ანალიტიკური ინსტიტუტის Center for Global Policy-ს ახალ ანგარიშში წერენ. 

9 ივლისს ვაშინგტონმა ჩინეთის პოლიტბიუროს წევრს, სინძიანგის უიღურების ავტონომიური რეგიონის კომუნისტური პარტიის მდივანს, ჩენ ცუანკუოს და სხვა მაღალი რანგის ჩინოვნიკებს სინძიანგში ადამიანის უფლებების დარღვევის გამო სანქციები დაუწესა.

8 დეკემბერს აშშ-მ ჩინეთის 14 მაღალჩინოსანს ჰონგ-კონგის გამო სანქციები დაუწესა. აღსანიშნავია, რომ აგვისტოში აშშ-მ ჰონგ-კონგის ავტონომიის ძირის გამოთხრისთვის, ჰონგ-კონგის მოქალაქეებისთვის გამოხატვისა და შეკრების თავისუფლების შეზღუდვისთვის 11 მაღალჩინოსანს, მათ შორის, ქალაქის ლიდერს, კერი ლამს, სანქციები დაუწესა.

4 დეკემბერს აშშ-ს ეროვნული დაზვერვის უფროსმა, ჯონ რეტკლიფმა თქვა, რომ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ დემოკრატიისა და თავისუფლებისთვის ჩინეთი ყველაზე დიდი საფრთხეა. მისივე თქმით, ჩინეთი გლობალურ ბატონობას ესწრაფვის.

კომენტარები