2020 წლის საპარლამენტო არჩევნები

აშშ-ს საელჩო OSCE/ODIHR ანგარიშზე: მნიშვნელოვანი რეფორმების გაგრძელების აუცილებლობას უსვამს ხაზს

Shutterstock

ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შესახებ ეუთო/ოდირის საბოლოო ანგარიშის გამოქვეყნებას მიესალმება. ვკითხულობთ საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში, სადაც აღნიშნულია, რომ ანგარიში ხაზს უსვამს მნიშვნელოვანი რეფორმების გაგრძელების აუცილებლობას, კერძოდ, კამპანიის დაფინანსების, საარჩევნო ადმინისტრაციის შემადგენლობისა და დავების გადაწყვეტის თვალსაზრისით.

"შეერთებული შტატები იზიარებს ამ შეშფოთებას და მოუწოდებს პარლამენტს, გააგრძელოს რეფორმაზე ფართო და ინკლუზიური მსჯელობის პროცესი, რომელიც დააკმაყოფილებს ოდირის მრავალწლიან რეკომენდაციებს. ეს მნიშვნელოვანი რეფორმები გააძლიერებს პოლიტიკურ პლურალიზმსა და დემოკრატიას და დაეხმარება საქართველოს, მიაღწიოს მზარდი ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიზნებს.

სამოქალაქო საზოგადოებასა და ოპოზიციას, მათ შორის ამჟამად პარლამენტს გარეთ მყოფ ოპოზიციურ პარტიებს, მნიშვნელოვანი ხედვა აქვთ, რაც გათვალისწინებული უნდა იყოს. მოვუწოდებთ ყველა დაინტერესებულ მხარეს, კეთილსინდისიერად ჩაერთონ რეფორმების პროცესში იმისათვის, რომ პარლამენტი გაძლიერდეს და მომავალი არჩევნები იყოს უფრო თავისუფალი და სამართლიანი". – წერია საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

დღეს, 6 მარტს, ეუთო/ოდირმა საქართველოს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შესახებ საბოლოო ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიში ეყრდნობა ეუთოს შუალედურ დასკვნას, რომლის მიხედვითაც, ახალი კორონავირუსით გამოწვეულმა პანდემიამ შექმნა გამოწვევებით სავსე კონტექსტი, არჩევნები იყო კონკურენტუნარიანი და ფუნდამენტური თავისუფლებები მთლიანობაში იყო დაცული, თუმცა, ამასთან, იყო მუდმივი ბრალდებები, რომ ამომრჩევლებზე ხდებოდა ზეწოლა და არ იყო გაგავლებული ზღვარი მმართველ პარტიასა და სახელმწიფოს შორის. 

კომენტარები