საქართველო-რუსეთი

რა ეფექტი აქვს რუსეთიდან ფულად გზავნილებს საქართველოს ეკონომიკაზე მოკლე და გრძელ ვადაში?

საქართველო-რუსეთი

რა ეფექტი აქვს რუსეთიდან ფულად გზავნილებს საქართველოს ეკონომიკაზე მოკლე და გრძელ ვადაში?

საქართველოს ეკონომიკა რუსეთიდან ფულად გზავნილებზე უფრო მეტადაა დამოკიდებული, ვიდრე რუსეთის უკრაინაში შეჭრამდე იყო. მართალია, რუსეთიდან ფულადი გზავნილების ზრდას მოკლე ვადაში ეკონომიკაზე დადებითი ეფექტი აქვს, მაგრამ გრძელვადიან პერსპექტივაში ეს ეფექტი არასტაბილურია და უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ პრობლემებს კიდევ უფრო მეტად ამწვავებს. 

საქართველოს ეროვნული ბანკის ფულად გზავნილებთან დაკავშირებული ინფორმაციით, 2022 წლის სექტემბერში საქართველოში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობა, 2021 წლის სექტემბრის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით, 84.6%-ით არის გაზრდილი და 387.2 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს. 

საქართველოში გადმორიცხული ფულადი გზავნილების მთავარი წყარო რუსეთია, საიდანაც 2022 წლის სექტემბერში 173.94 მილიონი აშშ დოლარი გადმოირიცხა. ამ მაჩვენებლის წილი საქართველოში მთლიანი ჩარიცხული მოცულობის დაახლოებით ნახევარს, 44.93 %-ს შეადგენს. რუსეთიდან გზავნილები რეკორდული რაოდენობით მაისში გადმორიცხეს და მან 313.90 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. 

2022 წლის თებერვალი-სექტემბრის პერიოდში რუსეთის ფედერაციიდან გადმორიცხული ფულადი გზავნილების ჯამური რაოდენობა დაახლოებით 1 მილიარდ 113 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს.

რუსეთიდან ფულადი გზავნილების ზრდის შესაძლო მიზეზები 

უპირველეს ყოვლისა, რუსეთიდან ფულადი გზავნილების რეკორდული ზრდა რუსეთის მოქალაქეების საქართველოში საცხოვრებლად გადმოსვლის არაბუნებრივად მაღალი ზრდის ტემპითაა განპირობებული. რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ ათასობით რუსმა მოქალაქემ დატოვა საცხოვრებელი ადგილი და თავი სხვადასხვა ქვეყანას შეაფარა. ომის დაწყებისას, თებერვალში რუსების მასობრივი მიგრაციის პირველი ტალღა განხორციელდა. მიგრაციის მეორე ტალღა კი 21 სექტემბერს, “ნაწილობრივი” მობილიზაციის გამოცხადებას უკავშირდება, რომლის მიზანი პუტინის ჯარში სამხედრო მოსამსახურეების ძალის გაზრდა იყო.

საქსტატის ინფორმაციით, 2022 წლის მესამე კვარტალში, ივლისი-სექტემბრის პერიოდში საქართველოში ვიზიტორების ყველაზე დიდი რაოდენობა, 443 600 ადამიანი რუსეთის ფედერაციიდან შემოვიდა, რაც ვიზიტორების ჯამური რაოდენობის 27.7%-ს შეადგენს. რუსი ვიზიტორების გარკვეული წილი ემიგრანტია და საქართველოში ხანგრძლივი ვადით დასახლდა. "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" (TI) ნოემბრის კვლევის თანახმად, ამას კომპანიების რეგისტრაცია, საქართველო-რუსეთის საზღვრის ორმხრივად კვეთის (შემოსვლა-გასვლა) სტატისტიკა და რუსეთის მოქალაქეების მიერ ქართულ ბანკებში 10 ათასობით ანგარიშის გახსნა მიანიშნებს. 

რუსეთის მოქალაქეები ლარსის გამშვებ პუნქტთან
​​​​​​

მასთან, რუსეთიდან საქართველოში საცხოვრებლად გადმოსულ ადამიანებს ფულს რუსეთიდან უგზავნიან. ემიგრანტების გარკვეული წილი, რომელსაც დანაზოგი რუსეთში აქვს, აქ გზავნის ფულს, რამდენადაც აქვს მოლოდინი, რომ პოლიტიკური ვითარების გათვალისწინებით, შესაძლოა, საქართველოში მოუწიოს დაბრუნება და არ სურს დანაზოგის დაკარგვა. ეს ადამიანები უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, მათ ქვეყანაში შექმნილ პოლიტიკურ და ეკონომიკურ წნეხს გაურბიან და ფიქრობენ, რომ მათი დანაზოგი საქართველოში უფრო უსაფრთხოდ იქნება, ვიდრე რუსეთში. 

თუ რას ხმარდება რუსეთიდან გადმორიცხული ფული, ამასთან დაკავშირებით, მხოლოდ ვარაუდები შეიძლება არსებობდეს. ამას გარდა, არ არსებობს ინფორმაცია, რუსეთიდან საქართველოში კონკრეტულად რა სფეროს წარმომადგენლები შემოდიან.

თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების ბიზნეს სკოლის დეკანის, გიგა ბედინეიშვილის შეფასებით, მიგრაციის პირველი ტალღის პერიოდში ჩამოსული რუსების გარკვეული წილი ეკონომიკურად შედარებით წელგამართული ხალხია, რუსეთის სტანდარტებითაც კი. მისი დაკვირვებით, ეს ადამიანები ონლაინ კლიენტებთან ფრილანსერებად მუშაობენ და ანგარიშებს ქართულ ბანკებში ხსნიან. თუმცა, იგი ვარაუდობს, რომ ეს ადამიანები, შესაძლოა, ჯერ კიდევ რუსულ ბანკებში იღებდნენ ხელფასს და გადმორიცხვებს შემდეგ აკეთებდნენ.

ამასთან ერთად, ბედინეიშვილი არ გამორიცხავს, რომ შესაძლოა, რუსებს რუბლები ნაღდი სახით საქართველოში შემოჰქონდეთ, ბანკებსა და გადასახურდავებელ პუნქტებში ახურდავებდნენ, ხოლო დოლარები უკან, რუსეთში გაჰქონდეთ.

"ყველას არ ამოწმებენ საზღვარზე, შეზღუდვებიც არაა ისეთი, რომ ნაღდი ფულით რუბლი ვერ შემოიტანონ". - აღნიშნავს ბედინეიშვილი ტაბულასთან საუბრისას. 

მოკლე და გრძელვადიანი ეფექტები 

რუსეთიდან გადმორიცხულ ფულად გზავნილებს საქართველოს ეკონომიკაზე ერთმნიშვნელოვანი ეფექტი არ აქვს. საქართველოში მოქალაქეები იღებენ შემოსავლებს, რაც ზრდის მოთხოვნას სხვადასხვა სერვისსა და საქონელზე. ამ პროცესის შედეგი კი ლარის კურსის გამყარებაა, რაც ფულადი გზავნილების დადებით ეფექტად შეიძლება ჩაითვალოს. 

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2022 წლის სექტემბერში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, საქართველოს ეკონომიკა (მშპ) 8.8%-ით გაიზარდა, წლის პირველი 9 თვის საშუალო მაჩვენებელი კი 10.2%-ით განისაზღვრა. ეკონომიკის ზრდის მიზეზი, დიდწილად, მიგრაციული პროცესებია, კერძოდ, რუსეთიდან, ბელარუსიდან და უკრაინიდან ადამიანების შემოდინება.

მიუხედავად მოკლევადიანი დადებითი ეფექტებისა, რუსეთიდან ფულადი გზავნილების რეკორდულ ზრდას სარგებელი ყველასთვის არ მოაქვს. ათი ათასობით რუსისა და ტექნოლოგიებში დასაქმებული სპეციალისტების შემოსვლის შედეგად, ფასები საქონელსა და სერვისებზე იზრდება. ამას გარდა, ეს ადამიანები ადგილობრივებს კონკურენციას უწევენ, დასაქმების თვალსაზრისით: გამოდევნიან სამუშაო ბაზრიდან ან/და დამწყებებს ურთულებენ სამუშაო ძალაში შესვლას. 

ამასთან, გაზრდილი მოთხოვნის შედეგად უძრავი ქონების გაქირავების საფასური მკვეთრად გაიზარდა. თიბისი კაპიტალის განახლებული კვლევის მიხედვით, ქირაზე მოთხოვნამ 2022 წლის სექტემბერში ახალ მაქსიმუმს მიაღწია. ქირის შემთხვევაში წლიური ზრდა 73.5%-ს შეადგენს. კვლევის თანახმად, მიგრანტების მოთხოვნა გაქირავების ბაზარზეა კონცენტრირებული, თუმცა, მოთხოვნის ზრდის ტენდენცია შესაძლოა გადაიზარდოს ქონების შესყიდვის უფრო ძლიერ ზრდაში. ამჟამინდელი მონაცემების საფუძველზე, 2022 წლის სექტემბერში გაიყიდა 663 ახალი ბინა, რაც 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 18%-ით მეტია. ძველი ბინების გაყიდვის მაჩვენებლის წლიური ზრდა კიდევ უფრო მაღალი იყო და 33.4% შეადგინა.

იმის გათვალისწინებით, რომ ქირა ფასების კალათის ერთ-ერთი კომპონენტია, მისი ზრდა იწვევს ინფლაციის ზრდას. ფასების საერთო დონის ზრდა ბიზნესის მფლობელებისთვის ხელსაყრელია, რამდენადაც იზრდება მათი შემოსავალი. თუმცა, ფიქსირებული შემოსავლის მქონე ადამიანებისთვის ეს დიდ დარტყმას წარმოადგენს. 

რუსეთიდან გადმორიცხული ფულადი გზავნილების დიდი რაოდენობა საქართველოს ეკონომიკურ ზრდას რუსეთის პოლიტიკურ ვითარებასთან აკავშირებს. ეს ტენდენცია კი შეუძლებელია შენარჩუნდეს გრძელვადიან პერსპექტივაში, რამდენადაც რუსეთი არის ქვეყანა, რომელიც დასავლეთის ქვეყნების მიერ დაწესებული სანქციების ფონზე ეკონომიკურ კრიზისს განიცდის. 

რუსეთის მთლიანი შიდა პროდუქტი 2022 წლის მესამე კვარტალში, 4%-ით არის შემცირებული. დიდწილად, ეს დასავლეთის მხრიდან რუსეთის ელექტროენერგიაზე შეზღუდვების დაწესებითა და უცხოურ სავალუტო რეზერვებში რუსეთის ცენტრალური ბანკის აქტივების გაყინვითა განპირობებული. ეს ჯამში $640 მილიარდს აღწევს. ამასთან, დასავლურმა კომპანიებმა რუსეთთან ფინანსურ თანამშრომლობაზე უარი თქვეს, ხოლო სექტემბერში გამოცხადებული სამხედრო მობილიზაციის შემდეგ, ქვეყანა რუსეთის ათასობით მოქალაქემ დატოვა.

სანქციები არა მხოლოდ რუსეთის ეკონომიკას ამცირებს, არამედ იმ ქვეყნების ეკონომიკასაც, რომლებიც რუსეთზე არიან დამოკიდებულნი. იმის გათვალისწინებით, რომ სანქციების ეფექტი, ზოგადად, გრძელ ვადაზეა ხოლმე გათვლილი, ამ ეფექტის ასახვა რუსეთზე დამოკიდებული ქვეყნების ეკონომიკაზე, შესაბამისად, გრძელვადიან პერსპექტივაში გაცილებით უფრო ხელშესახები იქნება. 

"ეს არის კონკრეტული ძლიერი გეოპოლიტიკური მოვლენა, რომელიც მუდმივად არ გაგრძელდება და იმედი მაქვს, არ გაგრძელდება". - ამბობს გიგა ბედინეიშვილი. 

ადრე თუ გვიან რუსეთის მოქალაქეები შეწყვეტენ ან შეამცირებენ გზავნილების გადმორიცხვას, რაც საქართველოს ეკონომიკაზე ცალსახად უარყოფითად აისახება. ნებისმიერ მომენტში შეუძლია რუსეთს, საკუთარ მოქალაქეებს ფულადი გზავნილების გადმორიცხვა აუკრძალოს, რაც იმ ადამიანების მყისიერ ზარალს გამოიწვევს, რომლებისთვისაც ფულად გზავნილებს სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს. ამრიგად, რაც მეტად არის საქართველოს ეკონომიკა რუსეთზე დამოკიდებული, მით მეტი პოლიტიკური და ეკონომიკური კონტროლის ბერკეტი აქვს რუსეთს.

კომენტარები