რელიგია

სკოლასთან ჰელოუინზე მისულ ბავშვებს მღვდლები სატანას ადარებდნენ და არცხვენდნენ - მშობელი

სკოლა გენიოსთან  ჰელოუინზე მისულ ბავშვებს მღვდლები დახვდნენ, ისინი მოსწავლეებს სატანას ადარებდნენ და არცხვენდნენ. შემთხვევის შესახებ ინფორმაციას სკოლის ერთ-ერთი მოსწავლის მშობელი ავრცელებს. მისი თქმით, სასულიერო პირები ბავშვებს მიმართავდნენ შეურაცხმყოფელი გამოთქმებით, უწოდებდნენ დემონებს, სატანას, ცდილობდნენ შეერცხვინათ და დაემცირებინათ.

"ამ მღვდლებმა, მას მერე რაც გაიგეს სკოლაში დაგეგმილი კოსტიუმირებული ზეიმის შესახებ, რომელსაც თბილისში უამრავი სკოლა აწყობს სხვათა შორის და არა მარტო სკოლა გენიოსი, დაიწყეს რეკვა სკოლის დირექციასთან პირდაპირი მუქარებით, რაც მოიცავდა შემდეგ სიტყვებს: "საპატრიარქო გაკვირდებათ ყურადღებით", "როგორც კი მაგ ღონისძიებას გამართავთ, ზომებს მივიღებთ" და ა.შ. ერთ-ერთი ავტორი იყო მღვდელი, რომელიც არის ამ სკოლის მოსწავლის მშობელი, ხოლო დანარჩენები, მისი ამფსონები, რომლებიც გაუგონარი ტონით იმუქრებოდნენ , ძველბიჭურად საქმეებს არჩევდნენ, ხოლო მოთხოვნაზე დაესახელებინათ საკუთარი ვინაობა, რაღაცას გაუგებრად ბურტყუნებდნენ. [...]

დილით, ხალხი, რომელსაც ფოტოზე ხედავთ, გამოცხადდნენ სკოლასთან. დახვდნენ ყველა ბავშვს. შეძახილებით არცხვენდნენ ბავშვებს, ხმამაღლა ადარებდნენ სატანებს, უწოდებდნენ დემონებს. ვწერ იმას, რაც ჩემი, საკუთარი ყურით მოვისმინე.

ერთ ერთი ბავშვი [მეოთხე კლასელი] ინტერესით მიაჩერდა მღვდელს შესვლამდე და იმან ასეთი რამ უთხრა. ვციტირებ: "რა დებილივით მომშტერებიხარ" ცნობისთვის, მეოთხე კლასელ ბავშვზეა საუბარი.

ჩემს კითხვაზე, გააპროტესტეს თუ არა ოდესმე საოკუპაციო ხაზთან ოკუპაცია, ფემიციდი, ოჯახური ძალადობა, ასევე რა აზრის არიან იმაზე, როცა მათი კოლლეგა საქართველოს ტერიტორიაზე ქართული დროშის ფრიალს გვიკრძალავს- პროვოკატორი მიწოდეს, ისევე როგორც სხვა იქ შეკრებილ მშობლებს, რომლებიც ცდილობდნენ დაეცვათ თავიანთი შვილები ამ გაუგონარი აგრესიისგან და ეკამათებოდნენ მათ". - წერს სკოლის მოსწავლის მშობელი Facebook-ის პირად გვერდზე. 

ტაბულას სკოლა გენიოსში უთხრეს, რომ მღვდლები მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის წარმომადგენლები არიან. მათივე თქმით, სკოლას ჰქონდა კომუნიკაცია საპატრიარქოსთან და ანდრია ჯაღმაიძემ უარყო მომხდართან საპატრიარქოს კავშირი. როგორც სკოლის წარმომადგენელი ამბობს, საშემოდგომო ღონისძიებების ფარგლებში დაგეგმილი ჰქონდათ ჰელოუინის აღნიშვნა, რის შესახებაც წინასწარ შეატყობინეს ყველა მშობელს. ბავშვებს კოსტუმირებულ ღონისძიებაში ჩართვა ნებაყოფლობითი იყო.

"საგაკვეთილო პროცესი ჩვეულებრივად ჩატარდა, გაკვეთილების შემდეგ 2-3 აქტივობა დაიგეგმა პატარებისთვის, მაგალითად, გადამალული ტკბილეულის მოძებნა და მსგავსი. ნაწილი ბავშვების მოვიდა ფორმით, ნაწილი უფორმოდ, ვისაც რისი სურვილი ჰქონდა. ეს ორი მღვდელი ხვდებოდა კომენტარებით: მოვიდნენ დემონის ფორმაში გადაცმული ბავშვები, აი, დემონია, ეს სატანის ფორმაშია, სისხლი უსვია და მსგავსი სიტყვებით აცილებდნენ. 

მშობლებთან ცდილობდნენ გასაუბრებას. აბსოლუტურმა უმრავლესობამ არ ისურვა მათთან საუბარი, თუმცა ვიღაცებთან დაამყარეს მაინც კომუნიკაცია. ცდილობდნენ აეხსნათ, რა დღეში ვარდებიან ბავშვები, რა ცოდვაში, როდესაც მსგავს ღონისძიებაში იღებენ მონაწილეობას" - თქვა ტაბულასთან საუბარში ბესო ბახიამ, სკოლა გენიოსის წარმომადგენელმა.  


26 ოქტომბერს საქართველოს საპატრიარქომ განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ "მართლმორწმუნეთათვის ჰელოუინი სრულიად მიუღებელია". საპატრიარქოს განცხადებით, "ჰელოუინი რელიგიურ საფუძვლებზეა აღმოცენებული და წინააღმდეგობაში მოდის მართლმადიდებლურ საეკლესიო ცნობიერებასთან".

კომენტარები