კოსმოსი

მეცნიერებმა ირმის ნახტომში უჩვეულო თვისებების მქონე ციური სხეული აღმოაჩინეს

MeerKAT რადიო ტელესკოპი სამხრეთ აფრიკაში
PA Media

მეცნიერებმა ირმის ნახტომის გალაქტიკაში დედამიწისგან 40 000 სინათლის წელიწადით დაშორებული ახალი ციური სხეული აღმოაჩინეს, რომელიც ჩვენთვის ცნობილ უმძიმეს ნეიტრონულ ვარსკვლავებზე მძიმე და უმსუბუქეს შავ ხვრელებზე მსუბუქია. 

უცნობი სხეული მკვლევრებმა სამხრეთ აფრიკაში MeerKAT რადიო ტელესკოპით აღმოაჩინეს, როდესაც კოლუმბიის სამხრეთ თანავარსკვლავედში ვარსკვლავების დიდ კლასტერს, NGC 1851-ს აკვირდებოდნენ.

ნეიტრონული მკვდარი ვარსკვლავების ბირთვის ულტრამკვრივ ნარჩენებს წარმოადგენს. მიიჩნევა, რომ შავი ხვრელები, თავის მხრივ, შესაძლოა საკმარისად დიდი მასის მქონე ნეიტრონული ვარსკვლავების კოლაფსის შედეგად წარმოიქმნებოდეს.

თუმცა, შავ ხვრელები გაცილებით უფრო მძიმეა ნეიტრონულ ვარსკვლავებზე, რომლებიც მათ წარმოქმნის - ამას "შავი ხვრელის მასის ნაპრალს" უწოდებენ. მოიაზრება, რომ ნეიტრონული ვარსკვლავისთვის შავი ხვრელის წარმოსაქმნელად საჭირო მასა მზის მასაზე დაახლოებით 2.2-ჯერ მეტია, როდესაც ჩვენთვის ცნობილი უმსუბუქესი შავი ხვრელები ამაზე გაცილებით უფრო მძიმეა და მზეზე დაახლოებით 5-ჯერ უფრო დიდი მასა აქვს. 

ამ "ნაპრალში" მასის მქონე სხეულები რთულად გამოსაკვლევია და მათზე ცოტამ რამ ვიცით. მეცნიერთა თქმით, ახალი ციური სხეულის აღმოჩენა შეიძლება ამ საკითხის უკეთ გაგებაში დაგვეხმაროს. 

გარდა ამისა, აღმოჩენილი სხეული მილიწამურ პულსართან ერთად ორობით სისტემაშია ჩართული და მის გარშემო ბრუნავს. მოიაზრება, რომ მილიწამური პულსარი ხნიერ ნეიტრონულ ვარსკვლავს წარმოადგენს, რომელიც ძალიან სწრაფად ბრუნავს და ელექტრომაგნიტურ რადიაციას ასხივებს. 

მკვლევართა აზრით, პულსარის გარშემო მბრუნავი უცნობი სხეული, შესაძლოა, ორი ნეიტრონული ვარსკვლავების შეჯახებამ წარმოქმნა.

მეცნიერები, რომლებმაც კვლევა ჩაატარეს, თვლიან, რომ შესაძლოა შავი ხვრელისა და პულსარის ორობითი სისტემა პირველებმა აღმოაჩინეს. მათი თქმით, ეს საშუალებას მოგვცემს, აინშტაინის ფარდობითობის ზოგადი თეორია ახალი გზებით გამოვცადოთ და შავი ხვრელები უკეთ გამოვიკვლიოთ. 

"პულსარისა და შავი ხვრელის სისტემა მნიშვნელოვანი სამიზნე იქნება გრავიტაციის თეორიების გამოსაცდელად და მძიმე ნეიტრონული ვარსკვლავი ძალიან მაღალ სიმკვრივეებისთვის ბირთვულ ფიზიკაში ახალ მიგნებებს მოგვცემს". - თქვა პროექტის ხელმძღვანელმა, ბენ სტეპერსმა.

მართალია, მკვლევართა გუნდმა ზუსტად არ იცის, დღემდე ყველაზე მასიური ნეიტრონული ვარსკვლავი, უმსუბუქესი შავი ხვრელი თუ საერთოდაც ახალი ეგზოტიკური ვარსკვლავის ვარიანტი აღმოაჩინეს, თუმცა, მათი თქმით, ისეთი რამ იპოვეს, რაც სამყაროში ყველაზე ექსტრემალურ მდგომარეობებში მატერიის თვისებების კვლევისთვის გამოსადეგი იქნება. 

კომენტარები