კოსმოსი

მეცნიერებმა სუპერმასიური შავი ხვრელი აღმოაჩინეს, რომელიც ყოველდღე ერთ მზეს შთანთქავს

ESO

მეცნიერებმა დღემდე ყველაზე კაშკაშა და სწრაფად მზარდი შავი ხვრელი აღმოაჩინეს, რომელიც ყოველდღიურად ერთი მზის მასას შთანთქავს. ამის შესახებ კვლევა ჟურნალ Nature-ში გამოქვეყნდა.

ციური სხეული, სახელად J0529-4351, მეცნიერებმა დიდი ხნის წინ შეამჩნიეს, თუმცა ახლა დადგინდა, რომ ის სინამდვილეში ე.წ. კვაზარი (კვაზივარსკვლავური რადიოწყარო), გალაქტიკის აქტიური ბირთვის ნაირსახეობაა.

კვაზარს სუპერმასიური შავი ხვრელი წარმოქმნის, რომელიც მატერიას ისრუტავს და შთანთქავს. შავ ხვრელს გარშემორტყმულ აკრეციულ დისკთან მატერია იშლება და დიდი ენერგიის რაოდენობა გამოიყოფა, რის გამოც კვაზარები ერთ-ერთი ყველაზე კაშკაშა ციური სხეულები არიან.

"აღმოვაჩინეთ სხეული, რომელსაც აქამდე არ ვცნობდით იმად, რაც იყო. მრავალი წლის განმავლობაში თვალებში გვიყურებდა, რადგან ამ სიკაშკაშით იმაზე მეტ ხანს ანათებდა, ვიდრე კაცობრიობას სავარაუდოდ უარსებია. თუმცა, ახლა დავადგინეთ, რომ არის არა ირმის ნახტომის მრავალ ვარსკვლავთაგან ერთ-ერთი, არამედ ძალიან შორეული სხეული".- თქვა კვლევის თანაავტორმა და ავსტრალიის ეროვნული უნივერსიტეტის მეცნიერმა, ქრისტიან ვოლფმა, BBC News-თან საუბრისას

როგორც მკვლევრები ამბობენ, J0529-4351-ის სიკაშკაშე 500 ტრილიონი მზისას აღემატება. ციური სხეული დედამიწისგან დაახლოებით 12 მილიარდი წლით არის დაშორებული და, შესაბამისად, მის სინათლეს ჩვენამდე მოსაღწევად მილიარდობით წელი დასჭირდა. აღსანიშნავია, რომ დღეს სამყაროს ასაკად დაახლოებით 13.7 მილიარდი წელი მიიჩნევა.

"რაც არის უჩვეულო არის სიჩქარე, რომლითაც ის სხვა მასალას ინელებს, მასას შთანთქავს. ეს დაახლოებით დღეში ერთ მზეს, ერთ მზის მასას, უტოლდება, რაც უზარმაზარი სიჩქარეა და მას ძალიან, ძალიან კაშკაშას ხდის". - თქვა მელბურნის უნივერსიტეტის მეცნიერმა და კვლევის თანაავტორმა, რეიჩელ ვებსტერმა. 

მეცნიერთა თქმით, ყველა გალაქტიკის ცენტრში შესაძლოა სუპერმასიური ციური სხეული იყოს, რაც სავარაუდოდ მათ ევოლუციასთან პირდაპირ უნდა იყოს დაკავშირებული. კითხვა ისაა, ეს შავი ხვრელები სამყაროს ადრეულ ხანაში ამ მასშტაბამდე როგორ გაიზარდა.

"მარტივ ენაზე, ეს იმას ნიშნავს, რომ ამ შავი ხვრელების გარეშე ჩვენი გალაქტიკა არ იქნებოდა ისეთი, როგორიც დღესაა. ფაქტობრივად, ყველა გალაქტიკა თავიანთი სუპერმასიური შავი ხვრელების გარეშე ძალიან განსხვავებული იქნებოდა. სინამდვილეში ისიც კი არის შესაძლებელი, რომ ყველა გალაქტიკა ამ სუპერმასიური შავი ხვრელების გარშემო წარმოიქმნა". - თქვა ავსტრალიის ეროვნული უნივერსიტეტის დოქტორანტმა და კვლევის თანაავტორმა, სემუელ ლაიმ. 

კომენტარები